ყველაზე გემრიელი ხინკლის საუკეთესო რეცეპტი

6371

ყველასთვის საყვარელი და გემრიელი კერძი –  რა შეიძლება იყოს ეს?! რათქმაუნდა ქართული სუფრის ნამდვილი მშვენება – ხინკალი! გასტრონომია სწორედ მის საუკეთესო რეცეპტს გთავაზობთ.

ინგრედიენტები: 

ცომისთვის: 

  • ფქვილი – 300 გ (სასურველია 1 -ლი ხარისხის)
  • მარილი – 5 გ
  • წყალი – 120 მლ

გულსართისთვის: 

  • საქონლის ხორცი – 90 გ
  • ღორის ხორცი – 90 გ
  • ხახვი – 30 გ
  • კვლიავი, დაღერღილი წიწაკა, პილპილი
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. აურიეთ ფქვილი და მარილი, დაასხით ცივი წყალი და მოზილეთ რაც შეიძლება მაგარი ცომი. შეფუთეთ, რომ არ გამოშრეს და გააჩერეთ. 1 საათის შემდეგ გადაზილეთ, ისევ შეფუთეთ და ისევ გააჩერეთ. ეს პროცედურა გაიმეორეთ 2-3-ჯერ (რაც მეტჯერ, მით უკეთესია). სასურველია, ხინკლის ცომი მომზადდეს წინასწარ, წინა საღამოს ან დილით, რომ  მოასწროთ ცომის რამდენჯერმე გადაზელა. ასეთი ცომი ელასტიკური და პრიალაა.
  2. გადმოიღეთ ცომი დაფაზე და გააბრტყელეთ 1 სმ სისქის ფირფიტად. შემდეგ ამოჭერით მრგვალი ფორმის ნაჭრები და სათითაოდ გააბრტყელეთ. სასურველია, მიიღოთ 1-2 მმ სისქის პატარა ფირფიტები. თითოეულ ფირფიტაზე დადეთ გულსართი, მოახვიეთ ქისისებურად და თავი მოუკარით.
  3. გულსართი წინასწარ მოამზადეთ. ამისათვის წვრილად დაკეპეთ ან ხორცსაკეპ მანქანაში (მსხვილ ბადეში) გაატარეთ საქონლისა და ღორის ხორცი და ხახვი. დაამატეთ კვლიავი, მარილი, პილპილი, დაღერღილი წიწაკა და წყალი. წყალი უნდა დაასხათ იმდენი, რომ ფარში კარგად გაფუვდეს.
  4. სასურველია, ხინკალი მოიხარშოს დიდი ზომის ფართო ქვაბში, მარილწყალში. ადუღებულ წყალში ხინკლები ჩაყარეთ კუჭებით ქვემოთ, რომ ქვაბის ძირს არ მიეკრას. ქვაბი შეარხიეთ ან ამოურიეთ ხის კოვზით, რათა ხინკლები ერთმანეთს არ შეეწებოს. ხარშეთ 7-10 წუთს, ამოიღეთ ქაფქირით და ცხელ-ცხელი მიიტანეთ სუფრასთან.