შინაურული პური საცხობ პარკში: როგორ გამოვაცხოთ

523

სასურსათო მაღაზიაში ვერ იპოვით პურს, რომელიც ისეთი გემრიელია, როგორც სახლში გამომცხვარი. საკუთარი ხელით მომზადებული ცომეული უფრო არომატული და შებრაწული გამოდის. თავად დარწმუნდებით, როცა Gastronomia.ge-ს რედაქციის რეცეპტით შინაურულ პურს საცხობ პარკში გამოაცხობთ.

ახლობლები ახალი ცომეულით რომ გაახაროთ, ყველაზე ბიუჯეტური ინგრედიენტები დაგჭირდებათ, რომელთაც სამზარეულოში იპოვით. პურის გამოსაცხობად ცოტა დრო და ძალისხმევაც უნდა დახარჯოთ. შედეგად, წარმოუდგენლად რბილი პური ხრაშუნა ქერქით გამოდის.

რეცეპტი საინტერესოა იმით, რომ ცომი ჯერ საცხობ პარკში უნდა ჩადოთ, შემდეგ ღუმელში მოათავსოთ. ამ პატარა ხრიკით პური არომატული და ფუმფულა გამოდის.

ინგრედიენტები:

  • 400 მლ წყალი
  • 25 გ საფუარი
  • 650 გ ხორბლის ფქვილი
  • 1 ჩ/კ შაქარი
  • 1,5 ს/კ მარილი
  • 3 ს/კ მზესუმზირას ზეთი

მომზადების წესი:

1. თბილ წყალში ახალი საფუარი გახსენით. შაქარი დაუმატეთ და აურიეთ. თბილ ადგილას 15 წუთით გააჩერეთ.

2. მიღებულ ნარევს მსხვილი მარილი და მზესუმზირას ზეთი დაუმატეთ. ფქვილი გაცერით და საფუარის ნარევს დაუმატეთ.

3. ცომი მოზილეთ. ხელზე არ უნდა გეწებებოდეთ. 5 წუთით მოზილეთ.

4. ღრმა თასს მზესუმზირას ზეთი წაუსვით და ცომი მოათავსეთ. პარკი დააფარეთ და თბილ ადგილას 1 საათით გააჩერეთ.

5. ცომი ჩაზილეთ. შემდეგ კვლავ თბილ ადგილას 1 საათით გააჩერეთ.

6. სამუშაო ზედაპირს ფქვილი მოაყარეთ. ცომი ორ ნაწილად გაყავით. თითოეული ხელით ჩაზილეთ.

7. ორი ბურთი გააკეთეთ. დანით დასერეთ.

8. ცომის ბურთი საცხობ პარკში ჩადეთ და შეკარით. საცხობ ფორმაზე მოათავსეთ და თბილ ადგილას 15 წუთით გააჩერეთ.

9. წინასწარ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში მოათავსეთ და 50-60 წუთით აცხვეთ.

10. საცხობი ფორმა ღუმელიდან გამოიღეთ. პარკი გახსენით და პურს გაგრილება აცადეთ.

მზადაა! ჩაიზე მისაყოლებლად ახალ გამომცხვარ პურზე უფრო გემრიელი არაფერია. დაჭერით, კარაქი წაუსვით და ცოტა მარილი მოაყარეთ. ასეთ გემრიელ და მარტივ ბუტერბროდზე უარს არავინ იტყვის.