ქლიავის პეროგი სუსხიან შემოდგომაზე შესაფერისია. გამოაცხვეთ და მეგობრებს დაურეკეთ

408

შემოდგომას სურნელოვანი ნამცხვრები და ღვეზელები საოცრად უხდება. დროა ვაშლის და ქლიავის პეროგი გამოაცხოთ, ჩაი მოადუღოთ და მეგობრები დაპატიჟოთ. ნაზი და რბილი პეროგი ძალიან გემრიელი გამოდის. რაც მთავარია, მარტივად მზადდება. პეროგი იმდენი გამოდის, რომ ყველას ეყოფა.

Gastronomia.ge–ს რედაქცია ვაშლი–ქლიავის პეროგის რეცეპტს გიზიარებთ. დღესვე სცადეთ!

ინგრედიენტები:

  • 400 გ ფქვილი
  • 3 კვერცხი
  • 300 გ არაჟანი (ან კეფირი)
  • 220 გ შაქარი
  • 10 გ ვანილი
  • 150 გ კარაქი
  • 100 მლ მცენარეული ზეთი
  • 15 გ გამაფხვიერებელი
  • 50 გ სიმინდის სახამებელი
  • 1 ჩ/კ დარიჩინი
  • 0,5 ჩ/კ კურკუმა
  • 2 ვაშლი (250 გ)
  • 5-6 ქლიავი
  • მწიკვი მარილი

მომზადების წესი:

1. კუბებად დაჭრილი კარაქი, შაქარი, ვანილი და მარილი მიქსერით ათქვიფეთ.

2. მცენარეული ზეთი დაასხით, შემდეგ თითო კვერცხი დაუმატეთ და ყოველჯერზე 20 წამით ათქვიფეთ. არაჟანი ან კეფირი დაასხით. თუ სურვილი გაქვთ, დარიჩინი და კურკუმა ფერისა და არომატისთვის დაუმატეთ.

3. გაცრილი ფქვილი, გამაფხვიერებელი და სახამებელი დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. სქელი ცომი უნდა მიიღოთ.

4. გათლილი ვაშლი კუბებად დაჭერით. ქლიავს კურკა მოაშორეთ და პატარა ნაჭრებად დაჭერით.

5. ცომი და ვაშლის კუბები აურიეთ.

6. ცომი პერგამენტდაფარებულ საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ. ქლიავის ნაჭრები ზემოდან მოაყარეთ, ოდნავ ცომში ჩააწექით. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30 წუთით აცხვეთ. ხის ჩხირით შეამოწმეთ, მზადაა თუ არა.

7. მზა პეროგს შაქრის ფხვნილი მოაყარეთ. გემრიელად მიირთვით!

შანსი ხელიდან არ გაუშვათ და ახლობლები გემრიელი პეროგით გაახარეთ. საკუთარი შრომისა და ფანტაზიის შედეგისგან სიამოვნების მიღება და ახლობლების გახარება ძალიან მარტივია!