“გასტრონომიას” შემდეგი რეცეპტი ყველა სტერეოტიპს ამსხვრევს. ჯერ ერთი, ის ამტკიცებს, რომ მწვადის მომზადება მხოლოდ ნახშირზე არ არის შესაძლებელი, მეორეც – უხორცო მწვადიც ძალიან გემრიელი გამოდის. ქამა სოკოს მწვადი მართლაც უგემრიელესი ხემსია. მის დამარინადებას 10-15 წუთი სჭირდება, ამ დროს შეგიძლიათ მოამზადოთ რაიმე ბოსტნეულის სალათი.
ხორცის მოყვარულებისთვის კარგი ამბავი გვაქვს: კერძი შეიცავს ბეკონის თხელ ფენებს. მომზადებისას მთელ სახლში თავბრუსდამხვევი არომატი ტრიალებს.
ინგრედიენტები
- 600 გრ ქამა სოკო
- 1-2 ც ხახვი
- 2 ს.კ. არაჟანი
- 1 ს.კ. მდოგვი
- 50 გრ ბეკონი
- იტალიური სუნელების ნაზავი
- 1 ს.კ. ლიმონი
- 1 ს.კ. სოიოს სოუსი
- შავი პილპილი გემოვნებით
მომზადება
1. გარეცხეთ ქამა სოკო, გაასუფთავეთ, დაამატეთ არაჟანი, მდოგვი, ლიმონის წვენი, სოიოს სოუსი, სუნელები, შავი პილპილი.
2. დაჭერით ხახვი ალყა-ალყა და დაუმატეთ სოკოს.
3. დაჭერით ბეკონი წვრილ ზოლებად.
4. ხის თხელი შამფურები დაასველეთ. რიგრიგობით წამოაცვით სოკო, ბეკონი და ხახვი.
5. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთით.
ქამა სოკოს მწვადთან მიირთმევენ თეთრ სოუსს. მის მოსამზადებლად შეურიეთ 100 გრ არაჟანი, ნებისმიერი დაჭრილი მწვანილი, 2 კბილი გატარებული ნიორი, ხმელი სუნელი, პილპილი, მარილი. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!