ქათმის შიგნეულობისგან არაჩვეულებრივი კერძების მომზადება არის შესაძლებელი და “გასტრონომიას” დღევანდელი რეცეპტი ამის ნათელი მაგალითია. სუბპროდუქტების (ქათმის კუჭები და გულები), ნიგვზისა და სანელებლების ნაზავი არაჩვეულებრივ შედეგს იძლევა.
ინგრედიენტები
- 400 გრ ქათმის შიგნეულობა (კუჭები, გულები)
- 100 მლ ქათმის ბულიონი
- 0,5 კონა ქინძი
- 1 ს.კ. ზეთი
- 0,5 ჩ.კ. დარიჩინი
- 0,5 ჩ.კ. მიხაკი
- 2 კბ ნიორი
- 1 ს.კ. ფქვილი
- 1 ც ხახვი
- 150 გრ ნიგოზი
- 1 ჩ.კ. ძმარი
- 1 ც ცხარე წიწაკა
- მარილი გემოვნებით
მომზადება
- გარეცხეთ და მოათავსეთ ქვაბში ქათმის შიგნეულობა, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და მოთუშეთ 10 წუთის განმავლობაში ნელ ცეცხლზე.
- დაუმატეთ ზეთი, ფქვილი და კიდევ 3-4 წთ მოამზადეთ.
- სოუსისთვის დანაყეთ ნიგოზი, წიწაკა, ქინძი, დაუმატეთ სუნელები, მარილი და დაასხით ბულიონი.
- კარგად მოურიეთ და დაუმატეთ ქათმის შინგეულობას. მოთუშეთ 10-15 წუთის განმავლობაში. ბოლოს დაუმატეთ ძმარი, წამოადუღეთ და მოახსენით ცეცხლიდან.
გემრიელად მიირთვით!