სახლში, საკუთარი ხელით გამომცხვარ ნამცხვარს ვერაფერი შეედრება, თუმცა არასაკმარისი დროისა და სირთულის გამო, დიასახლები ხშირად არიდებენ თავს ცხობას. დღეს 5 უგემრიელესი ორცხობილას რეცეპტს შემოგთავაზებთ, რომელთა მომზადებაც რამდენიმე წუთში, ძალიან მარტივად შეიძლება!
მოიმარაგეთ საჭირო პროდუქტები და ოჯახი არომატული, შინ გამომცხვარი ნამცხვრებით გაანებივრეთ.
იტალიური ორცხობილა
ინგრედიენტები:
- 250 გრამი ფქვილი
- 100 გრამი შაქარი
- 100 გრამი კარაქი
- 10 გრამი ცომის გამაფხვიერებელი
- 3-4 სუფრის კოვზი თბილი წყალი
- 2-3 ჩაის კოვზი დარიჩინი
- მწიკვი მარილი
მომზადების წესი:
ფქვილი გაცერით და გამაფხვიერებელს შეურიეთ. დაუმატეთ მწიკვი მარილი. ორთქლზე დაარბილეთ კარაქი და თბილი წყალი დაუმატეთ. მოზილეთ ცომი და 10 წუთით გააჩერეთ. შაქარი და დარიჩინი ერთმანეთში აურიეთ. ცომისგან 10 სანტიმეტრი სიგრძის და 1 სანტიმეტრი სისქის ზოლები გამოჭერით, დარიჩინიან შაქარში ამოავლეთ და ბოლოები შეაერთეთ, მიიღებთ რგოლებს. ეს ორცხობილა 180 გრადუსზე გაცხელებულ ქურაში 10-15 წუთით აცხვეთ.
მურაბიანი ნამცხვარი
ინგრედიენტები:
- 100 გრამი მარგარინი
- 2.5 სუფრის კოვზი ფქვილი
- 1 კვერცხი
- 0.5 ჭიქა შაქარი
- 0.5 ჭიქა ნებისმიერი სახის მურაბა
- 0.5 ჩაის კოვზი სოდა
- მწიკვი მარილი
- ზეთი ჟარუნაზე მოსასმელად
მომზადების წესი:
ჩანგლით დაჭყლიტეთ მარგარინი. ათქვიფეთ კვერცხი შაქრით, აქვე დაუმატეთ მარგარინი, სოდა და მწიკვი მარილი. ნელ-ნელა დაუმატეთ ფქვილი. მოზილეთ მაგარი ცომი, გაყავით ორ ნაწილად. გააბრტყელეთ ჟარუნის ზომაზე. წაუსვით მურაბა. დანარჩენი ცომი ხორცის საკეპში გაატარეთ და მურაბის ზემოდან მოათავსეთ. აცხვეთ 15 წუთი – 180 გრადუსზე წინასწარ გაცხელებულ ქურაში. მზა ნაცხვარი პატარა პორციებად დაჭერით.
ნამცხვარი მდნარი ყველით
ინგრედიენტები:
- 250 გრამი მარგარინი
- 100 გრამი შაქრის ფხვნილი/შაქარი
- 2 მდნარი ყველი
- 1 ჭიქა ფქვილი
მომზადების წესი:
ნამცხვრის უმარტივესი რეცეპტი! სახეხზე გახეხეთ გაყინული მარგარინი და მდნარი ყველი. დაუმატეთ ფქვილი და შაქარი, მოზილეთ ცომი. გააბრტყელეთ ცომი და ორცხობილას ფორმები გამოჭერით. აცხვეთ 200 გრადუსზე 15 წუთის განმავლობაში. მზა ორცხობილა კი მარმელადით მორთეთ.
თაფლის ორცხობილა
ინგრედიენტები:
- 2 კვერცხი
- 1 ჭიქა შაქარი
- 1 ჭიქა ფქვილი
- 2 სუფრის კოვზი თაფლი
- 1 ჩაის კოვზი ვანილი
- 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
- მცენარეული ზეთი
მომზადების წესი:
ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, დაუმატეთ ვანილი და თაფლი. კარგად აურიეთ მასა და მასში ცოტაოდენი მცენარეული ზეთი დაუმატეთ. ცომი ოდნავ ცხიმიანი უნდა გამოვიდეს. ჟარუნას მცენარეული ზეთი მოუსვით, გამოჭერით რგოლები და 180 გრადუს ტემპერატურაზე 10-15 წუთით აცხვეთ. ცომში სურვილისამებრ თხილისა და ჩირების დამატებაც შეგიძლიათ.
ხაჭოს ორცხობილა
ინგრედიენტები:
- 250 გრამი ფქვილი
- 230 გრამი ხაჭო
- 130 გრამი კარაქი
- 0.5 ჭიქა შაქარი
- 1 ჩაის კოვზი ვანილის შაქარი
- 0.5 ჩაის კოვზი მარილი
მომზადების წესი:
კუბებად დაჭრილი კარაქი და ფქვილი ერთმანეთში კარგად შეაზილეთ. დაუმატეთ ვანილის შაქარი, სოდა და ხაჭოს მასა. მოზილეთ ცომი ისე რომ წებოვანი გამოვიდეს. ცომი 3 მილიმეტრ სისქეზე გააბრტყელეთ. ჭიქით მრგვალი ფორმის ორცხობილები გამოჭერით. ერთი მხრიდან ისინი შაქარში ამოავლეთ და ისე გადაკეცეთ, რომ შაქრიანი მხარე შიგნით მოექცეს. კიდევ ამოავლეთ ცომი შაქარში. ეს ნამცხვარი 180 გრადუსზე – 30 წუთის მანძილზე აცხვეთ.
ეს ორცხობილები არა მხოლოდ ყავას ან ჩაის, არამედ ახალ კენკრასაც მოუხდება.