ეს გემრიელი კერძი შეგვიძლია მოვამზადოთ ხინკლისგან მორჩენილი ცომით. მისი მომზადება ძალიან მარტივია: ცივი წყლით, მწიკვი მარილითა და ფქვილით უნდა მოვზილოთ მაგარი, ელასტიკური ცომი.
ინგრედიენტები:
- 500-600 გ ცომი
- 5 თავი ხახვი
- კარაქი ან ერბო – მოსაშუშად
- 1 ქილა მაწონი
- 4-5 კბილი ნიორი
მომზადების წესი:
- ცომი თხლად გავაბრტყელოთ და პატარა კვადრატებად დავჭრათ.
- ქვაბში ავადუღოთ წყალი, დავუმატოთ მარილი და როცა ადუღდება, ჩავყაროთ დაჭრილი ცომი. ქვაბს სახურავი სანახევროდ დავახუროთ და საშუალო ცეცხლზე ვხარშოთ მომზადებამდე, შემდეგ გადავწუროთ.
- პარალელურად ხახვი ალყა-ალყა დავჭრათ და კარაქში ან ერბოში მოვშუშოთ, დავუმატოთ მწიკვი მარილი.
- მაწონს შევურიოთ დანაყილი ნიორი.
- ატრია ამოვიღოთ თეფშზე, მოვაყაროთ მოშუშული ხახვი და მოვასხათ ნივრიანი მაწონი.
აი, ასე მინიმალურ დროში შეგიძლიათ ძალიან გემრიელი კერძის მომზადება. გემრიელად მიირთვით!