ტორტი „ჟოლოს ღრუბელი“. ასეთი გემრიელი ჯერ არ გამისინჯავს

994

Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ ძალიან პოპულარულ ტორტს, რომელიც ჟოლოს სეზონზე აქტუალურია. შესანიშნავი ტორტი გამოდის, ამიტომ აუცილებლად მოამზადეთ!

ტორტის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ახალი, ასევე გაყინული ჟოლო.

ფხვიერი ცომის ინგრედიენტები:

  • 3 კვერცხის გული
  • 30 გრ შაქრის ფხვნილი
  • ½ ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 8 გრ ვანილის შაქარი
  • 150 გრ ხორბლის ფქვილი
  • 100 გრ კარაქი

ბეზეს ინგრედიენტები:

  • 3 კვერცხის ცილა
  • 150 გრ შაქარი
  • 2 ჩ/კ სახამებელი

კრემის ინგრედიენტები:

  • 450 მლ რძე
  • 200 გრ შაქარი
  • 2 ქათმის კვერცხი
  • 8 გრ ვანილის შაქარი
  • 200 გრ კარაქი
  • 60 გრ ფქვილი

ჟელეს ინგრედიენტები:

  • 500 გრ ჟოლო
  • 850 მლ წვენი
  • 20 გრ ჟელატინი

მომზადების წესი:

  1. თასში ფქვილი გაცერით, შაქრის ფხვნილი, ვანილის შაქარი და გამაფხვიერებელი დაუმატეთ. ყველაფერს კარგად აურიეთ.
  2. კარაქი კუბებად დაჭერით, შემდეგ მშრალ ნარევს დაუმატეთ. ნაფშვენის მიღებამდე ხელით აურიეთ.
  3. ამის შემდეგ კვერცხის გულები დაუმატეთ და ცომი მოზილეთ. დაამრგვალეთ, პარკში ჩადეთ და 15 წუთით მაცივარში შეინახეთ.
  4. საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ. მასზე ცომი გადაიტანეთ და თანაბარ ფენად გადაანაწილეთ. მიღებული მასა მაცივარში 30 წუთით შეინახეთ.
  5. ცოტა ხანში ცომი გამოიღეთ, ჩანგლით დაჩხვლიტეთ და 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 17-20 წუთით აცხვეთ. მზა ბაზა გააგრილეთ.
  6. კვერცხის ცილას მწიკვი მარილი დაუმატეთ და ფუმფულა ქაფის მიღებამდე ათქვიფეთ, შემდეგ თითო სუფრის კოვზობით შაქარი დაუმატეთ. ყოველი დამატების შემდეგ მიქსერით კარგად ათქვიფეთ. შედეგად, სქელი მასა გამოვა. ამის შემდეგ სახამებელი დაუმატეთ და აურიეთ.
  7. საცხობ ფორმაზე პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ და მასზე ბისკვიტის ზომის კვადრატი დახატეთ. შემდეგ ცილოვანი მასა პერგამენტის ქაღალდზე გადაიტანეთ და დახაზული ზომებით გაათანაბრეთ.
  8. 140 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 1,5 საათით აცხვეთ. ამის შემდეგ ღუმელი გამორთეთ, კარი შეაღეთ და ბეზე სრულ გაგრილებამდე გააჩერეთ.
  9. ჟელატინს ცოტა წვენი დაუმატეთ და გასივება აცადეთ. ამის შემდეგ ერთგვაროვანი თხელი მასის მიღებამდე შეათბეთ. თასში გადაიტანეთ და დარჩენილი წვენი აურიეთ. მიღებული მასა მაცივარში 1 საათით გააჩერეთ.
  10. ცივ ბისკვიტზე ჟოლო დააწყვეთ და მზა ჟელე დაასხით. ფორმა მაცივარში გასამაგრებლად შეინახეთ.
  11. კრემი მოამზადეთ. კვერცხი ათქვიფეთ, შაქარი, ვანილის შაქარი დაუმატეთ და მოცულობითი მასის მიღებამდე ათქვიფეთ. ამის შემდეგ ფქვილი დაუმატეთ და აურიეთ. ნელ–ნელა ცხელი რძე დაუმატეთ და აურიეთ. ქვაბში გადაასხით და გაზქურაზე დადგით. მუდმივად აურიეთ, სანამ არ გასქელდება. შემდეგ თასში გადაიტანეთ, პარკი დააფარეთ და ცივ წყალზე დადეთ, რომ გაცივდეს.
  12. ბეზეს ფენას პერგამენტის ქაღალდი მოაშორეთ.
  13. რბილი კარაქი 7-10 წუთით მიქსერით ათქვიფეთ. შემდეგ თითო სუფრის კოვზობით მოხარშული კრემი დაუმატეთ და ათქვიფეთ.
  14. ბისკვიტი ჟელეთი მაცივრიდან გამოიღეთ, კრემი წაუსვით, გაათანაბრეთ, ზემოდან ბეზეს ფენა დაადეთ, დააჭირეთ. მზა ტორტი მაცივარში მთელი ღამე გააჩერეთ. ახლა შეგიძლიათ სუფრაზე გაიტანოთ. გემრიელად მიირთვით!