ტარტალეტი სოკოს შიგთავსით: მსუბუქი წასახემსებელი ნებისმიერი სუფრისთვის

483

Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ გემრიელ წასახემსებელს – ტარტალეტი სოკოს შიგთავსით. ძალიან გემრიელი, ნაზი და მადის აღმძვრელი გამოდის. მისი მომზადება წარმოუდგენლად მარტივია: მინიმუმი ინგრედიენტები, დრო და ძალა დაგჭირდებათ, რომ შესანიშნავი შედეგი მიიღოთ. მოცემული ინგრედიენტების რაოდენობა 15 ტარტალეტზე გეყოფათ. რეკომენდებულია, მარაგით მოამზადოთ: სუფრიდან წამებში გაქრება და დამატებას მოგთხოვენ როგორც უფროსები, ასევე ბავშვები. აუცილებლად სცადეთ: რეცეპტი პირველივე გასინჯვაზე დაგიპყრობთ.

ინგრედიენტები:

  • 15 ტარტალეტი
  • 300 გრ ახალი ქამა სოკო
  • 1 თავი საშუალო ზომის ხახვი
  • 2 კარგად მოხარშული კვერცხი
  • 2 მდნარი ყველი
  • 2 კბილი ნიორი
  • პატარა კონა მწვანე კამა
  • მაიონეზი გემოვნებით
  • მარილი და დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით
  • რაფინირებული მცენარეული ზეთი შესაწვავად

მომზადების წესი:

  1. კვერცხი ქვაბში გადაიტანეთ, წყალი დაასხით და ხარშეთ. წყლის ადუღებიდან 8 წუთში გაზქურიდან გადმოდგით, ცივი წყალი დაასხით და სრულად გააგრილეთ.
  2. ამ დროში საშუალო ზომის ხახვი გაასუფთავეთ და ძალიან წვრილად დაჭერით.
  3. გახურებულ ტაფაზე ცოტა უსუნო მცენარეული ზეთი დაასხით, გააცხელეთ და ხახვი მოათავსეთ. საშუალო ცეცხლზე ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით.
  4. ახალი ქამა სოკო გარეცხეთ, გააშრეთ და პატარა კუბებად დაჭერით.
  5. როგორც კი, ხახვი შეიწვება, სოკო დაუმატეთ. აურიეთ, სოკოს შეწითლებამდე შეწვით. მარილი და წიწაკა გემოვნებით მოაყარეთ, აურიეთ და ცეცხლიდან გადმოდგით.
  6. თეფშზე ქაღალდის პირსახოცი დააფარეთ და შემწვარი სოკო გადაიტანეთ, რომ ზედმეტი ცხიმი მოაშოროთ. სრულ გაგრილებამდე გააჩერეთ.
  7. გაცივებულ კვერცხს ნაჭუჭი მოაშორეთ და წვრილ სახეხზე გახეხეთ. კვერცხს 2 მდნარი ყველი დაახეხეთ.
  8. კვერცხს და ყველს დაუმატეთ დაპრესილი ნიორი, შემწვარი სოკო და ხახვი, დაქუცმაცებული მწვანე კამა. მარილი და წიწაკა გემოვნებით მოაყარეთ, მაიონეზით მორთეთ და აურიეთ.
  9. მიღებული მასით ტარტალეტები გაავსეთ, მწვანილის ტოტებით გააფორმეთ და სუფრაზე გაიტანეთ.
  10. გემრიელად მიირთვით!

რჩევა: ტარტალეტები სოკოს შიგთავსით უშუალოდ სუფრაზე გატანის წინ გაავსეთ, რომ არ დალბეს და უგემური არ გახდეს.