Gastronomia.ge–ს რედაქცია გიზიარებთ სასარგებლო მეთოდებს, როგორ შეინახოთ ვიტამინებით მდიდარი სიმინდის თავები ზამთრისთვის. სიმინდი შეგიძლიათ საყინულეში გაყინოთ ან დააკონსერვოთ. ორივე მეთოდზე დეტალურად გიამბობთ. ახლა შუა ზამთარში მაღაზიაში გაქცევა არ მოგიწევთ, როცა სიმინდის მირთმევა მოგინდებათ. უფრო გემრიელი და ვიტამინებით სავსე, რაც მთავარია, საკუთარი ხელით მომზადებული სიმინდი სახლში გექნებათ.
გაყინული სიმინდი
სიმინდი რომ გაყინოთ, რამდენიმე პირობა უნდა დაიცვათ. შეარჩიეთ სიმინდის ჯიში, რომელსაც შაქრის მაღალი შემცველობა აქვს. ზამთარში ასეთი სიმინდი შეგიძლიათ მოხარშოთ და სალათებს დაუმატოთ. მთელი თავი და მარცვლები გაყინეთ.
განმეორებითი გაყინვა დაუშვებელია. სწორედ ამიტომ, პორციებად გაყინეთ. ასე ზუსტად იმდენს გაალღობთ, რამდენიც ახლა გჭირდებათ და გადაყრა არ მოგიწევთ.
სიმინდს ზედმეტი ფურცლები მოაშორეთ, კარგად გარეცხეთ და გააშრეთ. ახლა შეგიძლიათ საყინულეში შეინახოთ. თუ დიდი თავებია, დატეხეთ. თითოეული თავი შესაფუთ პარკში შეგიძლიათ გაახვიოთ.
როგორც უმი, ასევე მოხარშული სიმინდი შეგიძლიათ გაყინოთ. სიმინდი მოხარშეთ, გაგრილება აცადეთ, პარკებში ან კონტეინერებში ჩააწყვეთ და საყინულეში შეინახეთ. მოხარშული სიმინდის შენახვა მოსახერხებელია, რადგან ზამთარში უბრალოდ შეგიძლიათ გააცხელოთ ან გალღობას დაელოდოთ.
სიმინდის კონსერვი
ინგრედიენტები:
- 1 კგ სიმინდი
- 1 ს/კ შაქარი
- 1 ს/კ მარილი
- წყალი
მომზადების წესი:
1. ტკბილი ჯიში შეარჩიეთ. მითითებული ინგრედიენტებით ერთი სამლიტრიანი ქილის მოხუფვას შეძლებთ, სადაც დაახლოებით 5-6 ცალი სიმინდი ჩადის.
2. სიმინდი გაასუფთავეთ, გარეცხეთ და გააშრეთ. ზედმეტი ნაწილები მოაშორეთ. აადუღეთ იმდენი წყალი, რამდენიც ქილისთვის დაგჭირდებათ. ქილების სტერილიზაციისთვის დიდი ქვაბი მოამზადეთ.
3. ქვაბში ძველი, მაგრამ სუფთა პირსახოცი ჩააფინეთ. ქილებში, სადაც სიმინდია ჩაწყობილი, მდუღარე წყალი დაასხით. ასევე კოვზი შაქარი და მარილი დაუმატეთ. 30 წუთით საშუალო ცეცხლზე დადგით.
4. ქილები ფრთხილად ამოიღეთ და მოხუფეთ. გადააბრუნეთ, შეფუთეთ და ბნელ ოთახში რამდენიმე დღე გააჩერეთ. შენახვის ვადა 2 წელი, თუ გახსნილი არაა. გახსნილი ქილა დროულად მიირთვით.
სიმინდი ზამთრისთვის მოიმარაგეთ, გაყინეთ ან დააკონსერვეთ. ასე ზამთარში სასარგებლო ვიტამინებს გარანტირებულად მიიღებთ. რეცეპტები მარტივია და ფულსაც ზოგავს.