სააღდგომო პასკის გამოცხობა ძალიან რთული მეგონა. იმდენად კარგი და გემრიელი გამომივიდა, სიტყვები არ მყოფნის

3487

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ახლოვდება. ყველა ქართველის ცხოვრებაში ამ მნიშვნელოვანი დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია პასკა, რომელსაც, როგორც წესი, მაღაზიაში ვყიდულობთ ან სახლშიც ვამზადებთ.

დიასახლისების უმრავლესობა, რა თქმა უნდა, პასკის გამოცხობას მის შეძენას ამჯობინებს, რადგან ეს პროცესი, როგორც წესი, საკმაოდ დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს.

დღევანდელ სტატიაში მინდა გასწავლოთ, როგორ მოვამზადოთ ყველაზე გემრიელი პასკა საკუთარი ხელით, სწრაფად და მარტივად. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი დღევანდელი რეცეპტი მოგეწონებათ. ახლა კი გადავინაცვლოთ ჩემს სამზარეულოში და ვნახოთ, როგორ მზადდება ძალიან გემრიელი სააღდგომო პასკა.

ინგრედიენტები: 

  • 1,5 კგ ფქვილი
  • 600 გრამი შაქარი
  • 60-70 გრამი ნედლი საფუარი
  • 5 კვერცხის ცილა
  • 5 კვერცხის გული
  • 125 გრამი მარგარინი
  • 125 გრამი კარაქი
  • 100 მლ ზეთი
  • 500 მლ თბილი რძე
  • მწიკვი მარილი

ასევე დაგვჭირდება:

  • 1/5 ჩ.კ. ილი (კარდამონი)
  • 1/5 ჩ.კ. დარიჩინი
  • 1/5 ს.კ. მუსკატის კაკალი
  • 300 გრამი ქიშმიში
  • 2 ჩ.კ. ლიმონის ცედრა
  • ცუკატები სურვილის მიხედვით

მომზადება:

  1. პირველ რიგში, მცირეოდენ რძეში უნდა გავხსნათ ნედლი საფუარი, დავუმატოთ რამდენიმე კოვზი შაქარი, რამდენიმე კოვზი ფქვილი და კარგად გადავურიოთ. ჭურჭელს გადააკარით სტრეჩი (საკვების პლიონკა) და გააჩერეთ დაახ. 10 წუთით, სანამ არ გაორმაგდება.
  2. მორჩენილი რძე მოათავსეთ ქვაბში და დადგით დაბალ ცეცხლზე, რათა ოდნავ შეთბეს.
  3. შემთბარ რძეში დაამატეთ კარაქი და გადმოდგით ცეცხლიდან, ძალიან რომ არ გაცხელდეს. კარგად მოურიეთ.
  4. რძისა და კარაქის ნარევს დაუმატეთ ზეთის ნახევარი. მეორე ნახევარი დაგვჭირდება ცომის მოსაზელად.
  5. ოთახის ტემპერატურის 5 კვერცხის ცილა მოათავსეთ ღრმა თასში, დაამატეთ მწიკვი მარილი და დაიწყეთ თქვეფა. თქვეფის პროცესში ჩაამატეთ დაახლოებით 10 კოვზი შაქარი. ურიეთ კარგად ინგრედიენტების სრულ გახსნამდე და თეთრი ქაფისებრი მასის მიღებამდე.
  6. ახალ, სუფთა ჭურჭელში ცალკე გათქვიფეთ 5 კვერცხის გული მორჩენილ შაქართან ერთად. თქვეფის პროცესში დაუმატეთ მცირეოდენი ვანილის პასტა.
  7. გააერთიანეთ კვერცხის ცილისა და კვერცხის გულის მასები ერთმანეთში, კარგად გადაურიეთ.
  8. დიდ თასში მოათავსეთ მორჩენილი ფქვილი (მცირეოდენი ფქვილი მოიტოვეთ შემდეგი ეტაპისთვის) და დაუმატეთ რძისა და საფუვრის მასა, რომელიც თავდაპირველად მოვამზადეთ. დაიწყეთ მასის ზელვა და ზელვის პროცესში ნელ-ნელა ჩაამატეთ კარაქისა და რძის ნარევი.
  9. როდესაც თბილ რძეში გახსნილი კარაქის მასას დაამატებთ, ურიეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში და ამის შემდეგ ჩაამატეთ კვერცხის გულისა და ცილის გაერთიანებული მასა. ზილეთ ძალიან კარგად ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  10. ცომის ზელვის ბოლო ეტაპისკენ ჩაამატეთ მასში ზეთი და ხელებით კარგად ამუშავეთ სრულ მზადყოფნამდე. მზა ცომი არ უნდა გეწეპებოდეთ ხელებზე.
  11. ცომიან ჭურჭელს გადააფარეთ თავზე და დაასვენეთ თბილ ადგილას მთელი ღამით.
  12. კარგად დასვენებული ცომი გადმოიტანეთ სამუშაო დაფაზე და მოაყარეთ მას სანელებლები. ინტენსიური ფერისთვის და გემოსთვის პირადად მე ზარფანას ვიყენებ, თუმცა ეს ის სანელებელი არ არის, რომელსაც საქართველოში ხშირად შეხვდებით.
  13. ქიშმიში კარგად გარეცხეთ, გაამშრალეთ, შემდეგ ამოავლეთ ფქვილში და აზილეთ ცომთან ერთად. ფქვილი აუცილებელია, რათა ქიშმიში გამოცხობის პროცესში დაბლა არ მოექცეს.
  14. პასკის გამოსაცხობად გამოიყენეთ კონსერცვის ქილები, რომელთაც შიგნიდან უნდა წაუსვათ გამდნარი კარაქი და შემდეგ ჩაუფინოთ საცხობი ქაღალდი.
  15. მოჭერით სასურველი ზომის ცომი, ზეთიანი ხელებით მიეცით მრგვალი ფორმა და მოათავსეთ გამოსაცხობ ქილაში. რეცეპტის მიხედვით, ცომი ქილებში უნდა დაყოვნდეს კიდევ დაახ. 4-6 საათით.
  16. წიანსწარ 150 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში აცხვეთ პასკა დაახ. 1 საათის განმავლობაში. გაითვალისწინეთ, ყველა ღუმელი ინდივიდუალურია.
  17. გამომცხვარი პასკის მოსართავად შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი ფანტაზია. ვიდეოში იხილავთ, თუ როგორ მოვრთე ის მე შაქრის მინანქრით და მართლაც ძალიან გემრიელი, თანაც ლამაზი გამოვიდა.
  18. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი რეცეპტი მოგეწონებათ!