რჩევები, როგორ გადაარჩინოთ ქათამი, რომელსაც უსიამოვნო სუნი აქვს

178

ზოგჯერ მძიმე სამუშაო დღის ბოლოს კერძების მომზადების სურვილი და ენერგია არ გვაქვს. ამ მიზეზით ნაყიდ პროდუქტებს მაცივარში რამდენიმე დღე ვინახავთ. არის შემთხვევები, როცა გუშინ ნაყიდ ქათამს დღეს უკვე უსიამოვნო სუნი ასდის და ვფიქრობთ, რომ საკვებად უვარგისია. ქათმის ხორცს უსიამოვნო სუნი რომ არ გაუჩნდეს, პარკიდან ამოიღეთ და პერგამენტში გაახვიეთ. ასე ხორცი სუნთქვას შეძლებს. Gastronomia.ge–ს რედაქცია გასწავლით, როგორ გადაარჩინოთ ქათამი, რომელსაც უკვე უსიამოვნო სუნი ასდის.

უსიამოვნო სუნის მქონე ქათამი

უსიამოვნო სუნი ქათმის გაფუჭების ნიშანი არაა. უბრალოდ პროდუქტი პარკში გაიგუდა. ასეთი ხორცი სპეციალური მარინადებით შეგიძლიათ გადაარჩინოთ. მომზადების დაწყებამდე ქათამი შეისწავლეთ. თუ გაფუჭებულია, გადააგდეთ, ჯანმრთელობა საფრთხეში არ ჩააგდოთ. თუ მხოლოდ უსიამოვნო სუნი ასდის, ქვემოთ მოცემული ერთ–ერთი მეთოდით მარინადი მოამზადეთ.

ხორცის გადარჩენის მეთოდები

1. გვირილას ნახარში. სააფთიაქო გვირილა კარგი ანტისეპტიკია. 1 ს/კ ხმელ გვირილას მდუღარე წყალი დაასხით. 10-15 წუთი გააჩერეთ.1 ლ ოთახის ტემპერატურის წყალში გააზავეთ. ქათმის ხორცს ნახარში დაასხით და 1 საათი გააჩერეთ.

2. კალიუმის პერმანგანატის ხსნარი. ღია ვარდისფერი სუსტი ხსნარი მოამზადეთ. ქათმის ნაჭრები ამ ხსნარში რამდენიმე საათი გააჩერეთ.

3. ნივრის მარინადი. 6 კბილი ნიორი გაასუფთავეთ. ქათმის ხორცი ჩაჭერით ისე, რომ 3 ნივრის კბილი ჩადოთ. დარჩენილი 3 კბილი ნიორი დაჭყლიტეთ, ცოტა წიწაკა, მარილი და სანელებლები დაუმატეთ და აურიეთ. ნარევი ხორცს შეაზილეთ. თასში ჩააწყვეთ, პარკი დააფარეთ და რამდენიმე საათი მაცივარში შეინახეთ.

4. ნახშირი. ძლიერი აბსორბენტია, ამიტომ უსიამოვნო სუნს ადვილად აქრობს. ნახშირი ლითონის თასში გააცხელეთ. შემდეგ ზემოდან ქათმის ხორცის ნაჭრები დააწყვეთ და თავსახური კარგად დაახურეთ. ცეცხლს მოაშორეთ, რომ ქათამი არ დაიწვას. 1 საათი გააჩერეთ.

ქათამს უსიამოვნო სუნი ასდის: სხვა ხრიკები

5. მარილწყალი. 2 ს/კ მარილი და 1 ლ წყალი აურიეთ. ნახშირიც დაუმატეთ სურვილისამებრ. ქათმის ხორცი ჩააწყვეთ და 3 საათი გააჩერეთ.

6. სანელებლების მარინადი. არომატული სანელებლები, ცოტა შაქარი და მარილი აურიეთ. ქათამს კარგად წაუსვით. 1 საათი გააჩერეთ. მაცივარში შენახვა საჭირო არაა.

7. ძმრის მარინადი. ძმარი ხორცს უსიამოვნო სუნს მოაშორებს და უფრო რბილს გახდის. 50 მლ წყალი და 100 მლ ძმარი აურიეთ. ნებისმიერი ძმარი გამოგადგებათ. რამდენიმე კბილი ნიორი დაჭყლიტეთ და დაუმატეთ. 1 ს/კ ზეითუნის ზეთი და სანელებლები დაუმატეთ. კარგად აურიეთ და მარინადში ქათამი ჩააწყვეთ. 1 საათი გააჩერეთ.

8. მდოგვის მარინადი. მდოგვი ხორცის უნივერსალური სანელებელია, რომელიც უსიამოვნო სუნს აქრობს. დაჭრილი ხორცი მდოგვში კარგად ამოსვარეთ. მაცივარში 3 საათი შეინახეთ. უკეთესია, თუ მთელი ღამე გააჩერებთ.

9. იოგურტი. ნებისმიერი რძემჟავა პროდუქტი ქათმის უსიამოვნო სუნს გააქრობს. უნაზესი მარინადის მოსამზადებლად 200 მლ იოგურტი, 1 ს/კ ლიმონის წვენი, რამდენიმე დაჭრილი ნივრის კბილი, 2 ს/კ ქინძი და კურკუმა აურიეთ. ქათამი ჩააწყვეთ და 1 საათი მაცივარში შეინახეთ.

10. ლიმონის მარინადი. თუ ძმარი არ გაქვთ, ლიმონის წვენი ან ლიმონიანი წყალი გამოიყენეთ. 1 ლიმონის ნაჭრებს 400-500 მლ წყალი დაასხით. მწიკვი მარილი დაუმატეთ. ქათამი მარინადში 20-30 წუთი გააჩერეთ.

ამ მარტივი ხრიკებით ქათმის გადარჩენას და გემრიელი კერძის მომზადებას შეძლებთ.