როგორ მოვამზადოთ ყველასთვის ცნობილი, გემრიელი ოსური ხაბიზგინა

2804

ხაბიზგინა ქართლში, კერძოდ კი, სამაჩაბლოში გავრცელებული ხაჭაპურის ნაირსახეობაა. მისი ეტიმოლოგია ოსური სიტყვიდან “ხაბიზჯგნ” მოდის, რაც ხაჭაპურს ნიშნავს. გულსართად, ძირითადად, ყველი და კარტოფილი გამოიყენება, ზოგჯერ – ნიგოზიც და ხაჭოც.

ინგრედიენტები:

  • რძე – 800 მლ
  • ფქვილი – 1 კგ
  • მარილი – 1 ჩ.კ.
  • შაქარი – 1 ჩ.კ.
  • საფუარი – 1 ს.კ.
  • ზეთი – 70 მლ
  • კარტოფილი -1 კგ
  • ყველი – 1 კგ
  • ერბო (ან კარაქი) – 200 გ

მომზადების წესი:

  1. ნელთბილ რძეში გახსენით შაქარი, საფუარი, მარილი და გააჩერეთ 15 წუთის განმავლობაში.
  2. თასში ჩაყარეთ ფქვილი, დაასხით საფუვრიანი მასა და მოზილეთ ცომი. ბოლოს ზეთიანი ხელით გადაზილეთ, გადააფარეთ ტილო და გააჩერეთ 1 საათით.
  3. პარალელურად მოხარშეთ კარტოფილი და ყველთან ერთად გადაზილეთ. დაამატეთ ერბო (ან კარაქი). სასურველია, კარტოფილის მასა ერთგვაროვანი იყოს და კოლტები არ დარჩეს. შეგიძლიათ შეაზავოთ მარილით. შემდეგ დაყავით გუნდებად. ცომისა და შიგთავსის მასა უნდა იყოს ერთნაირი წონის.
  4. ცომი რომ ამოფუვდება, გადაიტანეთ სამუშაო მაგიდაზე. გადაზილეთ, გააკეთეთ გუნდები, გადაუსვით ზეთი, გადააფარეთ ტილო და გააჩერეთ 20 წუთით. შემდეგ ცომის თითოეული გუნდა გააბრტყელეთ, ზედ დადეთ გულსართი, მოუკარით პირი და ისე გააბრტყელეთ, რომ შიგთავსი ყველგან თანაბრად გადანაწილდეს. სასურველია, ხაბიზგინა იყოს რაც შეიძლება თხელი. როდესაც მას საცხობბ ფორმაზე დადებთ, შუაგულში პატარა ნასვრეტი გაუკეთეთ.
  5. გამოაცხვეთ ღუმელში 200-250 გრადუსზე დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში. გამომცხვარს ზემოდან წაუსვით ერბო.

გემრიელად მიირთვით.