როგორ მოვამზადოთ სასარგებლო ნაყინი საშინაო პირობებში

2882

იმისთვის, რომ მიირთვათ თქვენთვის საყვარელი ნაყინი, არ არის აუცილებელი მაღაზიაში წასვლა. მისი მომზადება სახლშიც შეგიძლიათ, თანაც იგი უფრო გემრიელი, ნატურალური და სასარგებლოა.

ჩვენი რედაქცია გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს გემრიელი და ნატურალური ნაყინის მოსამზადებლად.

როგორ მოვამზადოთ ნაყინი

კლასიკური ნაყინი 

იგი გამოდის ძალიან გემრიელი, ფაფუკი და არომატული და რაც მთავარია, ასეთ ნაყინს შეგიძლიათ ნებისმიერი ხილი, კენკრა, თხილი და შოკოლადი დაუმატოთ სურვილისამებრ.

ინგრედიენტები

  • 5 ც კვერცხი
  • 100 გრ შაქრის პუდრი
  • 0,5 ლ რძე
  • 250 მლ ნაღები (33%-იანი)
  • 10 გრ ვანილი

მომზადების წესი 

  1. დააცალკევეთ კვერცხის გული და ცილა. შეინახეთ ცილა, რადგან მხოლოდ კვერცხის გული დაგჭირდებათ. ათქვიფეთ კვერცხის გული შაქრის პუდრთან და ვანილთან ერთად, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.
  2. აადუღეთ რძე. ცხელი რძის ნაწილი დაასხით კვერცხის გულს და კარგად მოურიეთ. მიღებული ნაზავი ჩაასხით დარჩენილ ცხელ რძეში.
  3. მუდმივად მოურიეთ და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 3 წუთი, სანამ არაჟანის მსგავსი სქელი კონსისტენციის არ გახდება. მიღებული მასა ოთახის ტემპერატურაზე გააცივეთ, შემდეგ კი მაცივარში მოათავსეთ.
  4. ცივი ნაღები ათქვიფეთ, შემდეგ კი შეურიეთ კვერცხისა და რძის ნაზავში და მოათავსეთ საყინულეში.

შოკოლადის ნაყინი

ინგრედიენტები

  • 300 მლ რძე
  • 100 გრ შავი შოკოლადი
  • 85 გრ შაქარი
  • 300 მლ ნაღები (33%-იანი)
  • 3 ც კვერცხის გული

მომზადების წესი 

  1. დატეხეთ შოკოლადის ფილა, ჩაყარეთ ქვაბში და ზემოდან დაასხით რძე. დაადგით დაბალ ცეცხლზე, მოურიეთ და როდესაც შოკოლადი ბოლომდე დადნება, გამორთეთ ცეცხლი. გააცივეთ შოკოლადიანი რძე.
  2. ათქვიფეთ კვერცხის გული და შაქარი ხელის სათქვეფით. დაუმატეთ რძე და დაადგით დაბალ ცეცხლზე. მუდმივად მოურიეთ და გამორთეთ ცეცხლი, როდესაც სითხე მსუბუქად გასსქელდება. არ არის აუცილებელი, რომ ნაზავი ადუღდეს.
  3. ქვაბი ცივი წყლით სავსე თასში ჩადგით და მოურიეთ გასქელებულ ნაზავს, სანამ კარგად არ გაცივდება. ცივი ნაღები ათქვიფეთ მიქსერით, სანამ კრემისებრი კონსისტენციის არ გახდება, შემდეგ კი შეურიეთ რძისა და შოკოლადის ნაზავში.
  4. მასა გადაიტანეთ ფართო კონტეინერში, დაახურეთ თავსახური და შეინახეთ საყინულეში 4 საათის განმავლობაში.

ნაყინი შედედებული რძით და მარწყვით 

ინგრედიენტები

  • 480 მლ ნაღები
  • 380 გრ შედედებული რძე
  • 200 გრ მარწყვი

მომზადების წესი 

  1. ცივი ნაღები ათქვიფეთ მიქსერით, რომ მიიღოთ კრემისებრი მასა.
  2. დაუმატეთ მას შედედებული რძე და გააგრძელეთ თქვეფა, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
  3. დაჭერით მარწყვი პატარა ნაჭრებად და დაუმატეთ ნაღებისა და შედედებული რძის ნაზავს, კარგად მოურიეთ.
  4. ნაყინი გადაიტანეთ სასურველ თასში, დაახურეთ თავსახური და შეინახეთ საყინულეში 3 საათით.

როგორც ხედავთ, საყვარელი დესერტის მომზადება სახლის პირობებში ძალიან მარტივია, აუცილებლად სცადეთ ნაყინის მომზადება ჩვენ მიერ შემოთავაზებული რომელიმე რეცეპტით და ნაყინს აღარასდროს იყიდით.

გაუზიარეთ რეცეპტები თქვენს მეგობრებს. გემრიელად მიირთვით!