როგორ მოვამზადოთ გემრიელი და მადისაღმძვრელი ღორის კუპატი

ღორის დაკვლის შემდეგ შიგნეულობას გულდასმით და დიდხანს რეცხავენ და სხვადასხვა სანელებლის დამატებით მისგან ამზადებენ კუპატს, რომელიც კარგად ინახება და ზამთარში განსაკუთრებით მადისაღმძვრელი და გემრიელია. ღორის კუპატის დამზადება საკმაოდ შრომატევადი საქმეა.

ინგრედიენტები:

  • ღორის გულ-ღვიძლი, თირკმელები 1 კგ
  • ღორის ნაწლავები 300 გ
  • ნიორი 4-5 კბილი
  • ხმელი თესლიანი ქინძი 2 სუფრის კოვზი
  • ქონდარი 1 სუფრის კოვზი
  • წიწაკა და მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ღორის ნაწლავები კარგად გავრეცხოთ გამდინარე წყალით. გავჭრათ სიგრძეზე, დავაყაროთ მარილი, კარგად გავწმინდოთ, თან ვრეცხოთ გამდინარე წყლით. შემდეგ დავაყაროთ სიმინდის ფქვილი, გავწმინდოთ და გავრეცხოთ.
  2. გასუფთავებული ნაწლავები გულ-ღვიძლთან და თირკმელთან ერთად ჩავყაროთ ქვაბში და მოვხარშოთ, მდუღარე წყალი ორჯერ გადავღვაროთ, რათა სპეციფიური სუნი გაუვიდეს. მოხარშული შიგნეული ამოვიღოთ, გავაგრილოთ და წვრილად დავჭრათ.
  3. ცალკე დავნაყოთ წიწაკა, ნიორი, თესლიანი ქინძი, ქონდარი, მარილი. ეს ყველაფერი ავურიოთ დაჭრილ გულ-ღვიძლს და ნაწლავებს და ასე შეზავებული მასა ჩავტენოთ უმ, მაგრამ მდუღარე წყალში გავლებულ სწორ ნაწლავში.
  4. კუპატის თავები შევკრათ თოკით, გარედან წავუსვათ ერთად ჩანაყილი წიწაკა, ნიორი და თესლიანი ქინძი და დავკიდოთ შესაბოლად.
  5. გამოყენების წინ შევწვათ ტაფაზე ცხიმში და ცხელი მივიტანოთ სუფრაზე.