ჩაქაფული ტრადიციული ქართული კერძია, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს სააღდგომო სუფრაზე. ეს ერთგვარი საგაზაფხულო კომპოზიციაა, სადაც ახალი ტყემალი, ტარხუნა და ღვინო საოცარ არომატულ ნაზავს ქმნის. ყველაზე პოპულარულია ბატკნის ჩაქაფული, თუმცა ამზადებენ ხბოს ხორცისა და სოკოსგანაც. ჩაქაფულის შემადგენლობაში აუცილებლად მაღალი ხარისხის თეთრი მშრალი ღვინო გამოიყენება, განსაკუთრებით უხდება ქვევრის რქაწითელი.
ინგრედიენტები:
- 2 კგ ბატკნის ხორცი
- 3 კონა მწვანე ხახვი
- 2 თავი ხახვი
- 6 კონა ტარხუნა
- 3 კონა წიწმატი
- 4 კონა ქინძი
- 1 კონა პიტნა
- 2 ჭიქა ტყემალი
- 100-200 გ დუმის ნაჭერი
- 1 ცალი ახალი ნიორი თავისი ფოჩით
- პილპილი და მარილი – გემოვნებით
- თეთრი მშრალი ღვინო
მომზადების წესი:
- ბატკნის ხორცი დავჭრათ მომცრო ნაჭრებად, დუმა დავკუწოთ, ხახვი დავჭრათ ალყა-ალყა, მწვანე ხახვი და დანარჩენი მწვანილები – დაახლოებით 1სმ-ზე.
- სქელძირიან ქვაბში (სასურველია თუჯის) ფენა-ფენა ჩავაწყოთ ხორცი და მწვანილეული, დავასხათ ღვინო ისე, რომ დაფაროს. დავუმატოთ მარილი და პილპილი და დავდგათ ნელ ცეცხლზე.
- როცა ხორცი მომზადდება, ჩავყაროთ ტყემალი და რამდენიმე წუთი წამოვადუღოთ.