როგორ მოვამზადოთ არაჟნის ნამცხვარი

2731

ვანილისა და არაჟნის ნამცხვარი იდეალური დესერტია. იგი ზომიერად ტკბილი და ნოყიერია, არაჩვეულებრივი ვანილის არომატი აქვს და ხელმისაწვდომი ინგრედიენტებით მზადდება. მისი გაფორმება ნებისმიერი ხილით, კენკრითა და შოკოლადით შეიძლება.

ღუმელში გამომცხვარი არაჟნის ნამცხვარი

დღეს ჩვენი რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ არაჟნის ნამცხვარი. ჰაეროვანი შიგთავსი და ფხვიერი ფენა ტკბილეულის ნებისმიერ მოყვარულს შეაყვარებს თავს.

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 200 გრ კარაქი
  • 1 ც კვერცხი
  • 300 გრ ფქვილი
  • 0,5 ჭიქა შაქარი
  • 1,5 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • მწიკვით მარილი

ინგრედიენტები შიგთავსისთვის

  • 500 გრ არაჟანი (20%-იანი)
  • 4 ც კვერცხი
  • 1 გრ ვანილი
  • 5 ს.კ. შაქარი

მომზადების წესი

1. ცომის მოსამზადებლად გახეხეთ კარაქი, დაუმატეთ ფქვილი, შაქარი და მწიკვით მარილი. ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ.

2. დაუმატეთ გამაფხვიერებელი და კვლავ მოურიეთ. დაუმატეთ კვერცხი და მოზილეთ ცომი. ცომი უნდა იყოს ელასტიური და არ უნდა ეკრობოდეს ხელზე.

3. საცხობ ფორმაზე მოათავსეთ პერგამენტის ქაღალდი, კუთხეებს კი კარაქი წაუსვით. ცომი მთელს სივრცეზე გადაანაწილეთ. კუთხეები აამაღლეთ. ნამცხვარი მაღალია, ხოლო შიგთავსი ცხობის დროს ზემოთ იწევა, ამიტომ, საცხობი ფორმის კუთხეები დაახლოებით 6-7 სმ სიმაღლის უნდა იყოს.

4. შიგთავსის მოსამზადებლად ღრმა თასში შეურიეთ ერთმანეთს 4 ცალი კვერცხი და შაქარი, ათქვიფეთ ხელის სათქვეფით.

5. შიგთავსს დაუმატეთ ვანილი და არაჟანი. მოურიეთ, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.

6. შიგთავსი ჩაასხით საცხობ ფორმაში. ცომის კუთხეები უფრო მაღალი უნდა იყოს, ვიდრე შიგთავსი.

7. გამოაცხვეთ ნამცხვარი 180 გრადუსზე, წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 30-35 წუთის განმავლობაში.

ნამცხვარი მზადაა. გემრიელად მიირთვით!