რა ჩავდოთ ტარტალეტებში საახალწლო სუფრის გაშლისას

416

სადღესასწაულო მენიუს შედგენა ყოველთვის საპასუხისმგებლო ამოცანაა. უჩვეულო და გემრიელი კერძებით სტუმრების გაოცება ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა მთელი დღე გაზქურასთან ყოფნა არავის სურს. გირჩევთ მარტივი, მაგრამ ძალიან ელეგანტური წასახემსებელი მოამზადოთ – ტარტალეტები სხვადასხვა შიგთავსით. Gastronomia.ge-ს რედაქცია გიამბობთ, რა ჩადოთ ტარტალეტში, რომ ყველა სტუმარი საახალწლო კერძით აღფრთოვანდეს.

რა ჩავდოთ ტარტალეტებში

ტარტალეტები სადღესასწაულო სუფრისთვის წაუგებელი ვარიანტია. რაც მთავარია, სწრაფად და მარტივად შეგიძლიათ გააკეთოთ. ნებისმიერი გემოვნების სხვადასხვა შიგთავსებს გთავაზობთ. ყველა კმაყოფილი და დანაყრებული დარჩება.

ტარტალეტები ჟულიენით

ინგრედიენტები:

  • 400 გრ ქათმის ფილე
  • 400 გრ ახალი ქამა სოკო
  • 500 მლ ცხიმიანი ნაღები
  • 300 გრ ხმელი ყველი
  • 140 გრ ხახვი
  • 40 გრ ფქვილი
  • მცენარეული ზეთი
  • მარილი და სანელებლები გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. წყალს მარილი და სანელებლები დაუმატეთ და ფილე მოხარშეთ. ფილეს გაგრილებას დაელოდეთ და პატარა ნაჭრებად დაჭერით.
  2. სოკო და ხახვი დააქუცმაცეთ. ტაფაზე ცოტა მცენარეული ზეთი დაასხით და ყველაფერი ერთად შეწვით.
  3. სოკოს ქათმის ფილე დაუმატეთ. ფქვილი მოაყარეთ და კარგად აურიეთ. შემდეგ ნაღები დაასხით.
  4. მარილი და წიწაკა დაუმატეთ, სუსტ ცეცხლზე გასქელებამდე თუშეთ.
  5. შემდეგ ტარტალეტები მიღებული შიგთავსებით გაავსეთ. ზემოდან გახეხილი ყველი მოაყარეთ. ტარტალეტები 15 წუთით გახურებულ ღუმელში მოათავსეთ.

სხვათა შორის, შიგთავსი შეგიძლიათ წინასწარ მოამზადოთ და მაცივარში შეინახოთ. სუფრაზე გატანის წინ ღუმელში გამოაცხეთ.

ტარტალეტები ფეტით, ახალი ბოსტნეულით და მწვანილით

ინგრედიენტები:

  • 150 გრ ფეტა
  • 4 ჩერი პომიდორი
  • ნახევარი კიტრი
  • 1 ნაჭერი ნიორი
  • მწვანილი და სანელებლები

მომზადების წესი:

  1. ფეტა ერთგვაროვანი მასის მიღებამდე თასში აურიეთ.
  2. შემდეგ ყველს დაპრესილი ნივრის კბილი და დაქუცმაცებული მწვანილი დაუმატეთ, აურიეთ.
  3. პომიდორი ოთხად გაჭერით, კიტრი – ნახევარ რგოლებად.
  4. ტარტალეტები უმი მასით გაავსეთ. ზემოდან თითო ბოსტნეული და მწვანილის ფოთოლი დაუმატეთ.
  5. წასახემსებლად შეგიძლიათ ჩვეულებრივი პომიდორი გამოიყენოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში უფრო ხორციანი სახეობა შეარჩიეთ.

ტარტალეტები სიმინდით, კვერცხით და ყველით

ინგრედიენტები:

  • 100 გრ ხმელი ყველი
  • 2 მოხარშული კვერცხი
  • 50 გრ სიმინდი
  • 10-20 გრ მწვანილი
  • 20-40 გრ მაიონეზი

მომზადების წესი:

  1. ყველი და მოხარშული კვერცხი წვრილ სახეხზე გახეხეთ.
  2. მწვანილი დააქუცმაცეთ. დაკონსერვებული სიმინდის სითხე გადაასხით.
  3. ყველა ინგრედიენტი აურიეთ, მაიონეზით მორთეთ. შიგთავსი კალათებში გადაანაწილეთ.

ტარტალეტები ქათმის და სოკოს პაშტეტით

ინგრედიენტები:

  • 300 გრ ქათმის პაშტეტი
  • 200 გრ ახალი ქამა სოკო
  • მცენარეული ზეთი
  • მარილი, წიწაკა
  • 50 გრ ბროწეულის მარცვლები (გასაფორმებლად)

მომზადების წესი:

  1. ქამა სოკო გარეცხეთ, გაამშრალეთ და თხელ ფირფიტებად დაჭერით. ტაფაზე ცოტა მცენარეულ ზეთში შეწვით, მარილი და წიწაკა დაუმატეთ.
  2. შემწვარი ქამა სოკო და ქათმის პაშტეტი ნაზი, ფაფუკი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ.
  3. მიღებული შიგთავსით კალათები გაავსეთ და ბროწეულის მარცვლებით გააფორმეთ.

ტარტალეტები კორეული სტაფილოთი, ქათმით და ყველით

ინგრედიენტები:

  • 250 გრ სტაფილო კორეულად
  • 200 გრ ხმელი ყველი
  • 300 გრ შებოლილი ქათმის გულმკერდი
  • 50 გრ სიმინდი
  • მაიონეზი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ყველი საშუალო სახეხზე გახეხეთ.
  2. მოხარშული ქათმის ხორცი პატარა ნაჭრებად დაჭერით. დაკონსერვებული სიმინდიდან სითხე გადაასხით.
  3. ყველა კომპონენტი აურიეთ, მაიონეზი დაუმატეთ. მიღებული მასით ტარტალეტები გააფორმეთ.

ტარტალეტები თინუსით და წითელი ხიზილალით

ინგრედიენტები:

  • 175 გრ დაკონსერვებული თინუსი
  • 190 გრ ნაღების ყველი
  • 100 გრ წითელი ხიზილალა
  • 1 კიტრის მწნილი
  • 20 გრ მაიონეზი
  • 1 ფირფიტა ნიორი
  • კამა
  • მარილი და წიწაკა

მომზადების წესი:

  1. დაკონსერვებული თინუსიდან სითხე გადაასხით.
  2. კიტრის მწნილი საშუალო სახეხზე გახეხეთ.
  3. თასში ნაღების ყველი, თინუსი, კიტრი, დაპრესილი ნიორი და მაიონეზი აურიეთ.
  4. ყველაფერს კარგად აურიეთ და გემოვნებით სანელებლები დაუმატეთ.
  5. მიღებული მასით კალათები გაავსეთ, ზემოდან ხიზილალით და კამით გააფორმეთ.

როგორ მოგწონთ ტარტალეტები? მოამზადებთ წელს? თუ საყვარელი შიგთავსის რეცეპტი გაქვთ, გაგვიზიარეთ.