პომიდვრის კონსერვი კომბოსტოსთან ერთად: ძველი, დროში გამოცდილი რეცეპტი

497

Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ პომიდვრის და კომბოსტოს კონსერვს ზამთრისთვის შესანახად.

ინგრედიენტები:

  • კომბოსტო
  • პომიდორი
  • 1 ბულგარული წიწაკა
  • 1 სტაფილო
  • 1 ხახვი
  • პირშუშხას ფესვი და ფოთოლი
  • კამა
  • 3-3 ცალი ბაჰარის წიწაკა ქილაზე
  • 5-6 მარცვალი შავი წიწაკა
  • 1-1 ცალი დაფნის ფოთოლი ქილაზე

მარინადი (1,5 ლ წყალზე):

  • 2 ს/კ მარილი
  • 4 ს/კ შაქარი
  • 4 ს/კ 9%–იანი ძმარი

მომზადების წესი:

  1. კომბოსტო თხელ ზოლებად დაჭერით და სასალათეში მოათავსეთ. წიწაკა შუაზე გაჭერით და ასევე თხელ ზოლებად დაჭერით და კომბოსტოს დაუმატეთ. სტაფილო მსხვილ სახეხზე გახეხეთ და ბოსტნეულს დაუმატეთ. ხახვი რგოლებად დაჭერით.
  2. ქილები წინასწარ გაასტერილეთ: 150 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 10-12 წუთით შედგით. პირადად, 1,5 ლიტრიან ქილებს ვიყენებ.
  3. პომიდორი ყუნწების ადგილას ჩაჭერით და ქილაში ჩადეთ (პირველი ფენა). სასალათეში ბოსტნეულს კარგად აურიეთ და ქილაში პომიდორს ბოსტნეულის ფენა დაუმატეთ. შემდეგ კვლავ პომიდორი და ბოსტნეულის ფენა, ზემოდან ხახვის რგოლები დაადეთ. ამის შემდეგ ბოლომდე პომიდვრით გაავსეთ. ზემოდან პომიდორი კომბოსტოს ან ხახვის ფენით დაფარეთ.
  4. სავსე ქილებს მდუღარე წყალი ბოლომდე დაასხით, ხუფები დააფარეთ და 10 წუთით გააჩერეთ.
  5. სპეციალური ხუფების დახმარებით ქილებიდან წყალი გადაასხით. კვლავ წყალი დაასხით, ხუფები დააფარეთ და 10 წუთით გააჩერეთ. ვადის გასვლის შემდეგ ეს წყალიც გადაასხით.
  6. 1,5 ლ წყალზე გათვლით მარინადი მოამზადეთ. ქილიდან გადმოსხმულ წყალს მარილი და შაქარი დაუმატეთ. კარგად აურიეთ და 3-4 წუთით მარილის და შაქრის სრულად გახსნამდე ადუღეთ. ცხელ მარინადს ძმარი დაუმატეთ. აურიეთ და კიდევ 1 წუთით ადუღეთ.
  7. ცხელი მარინადი ქილებს გავსებამდე დაასხით. ხუფებით მჭიდროდ მოხუფეთ. ქილები ხუფებით ქვემოთ გადააბრუნეთ, საბნით შეფუთეთ და სრულ გაგრილებამდე გააჩერეთ.
  8. პომიდორი ძალიან გემრიელი გამოდის და არ სკდება, ხოლო კომბოსტო და ხახვი ხრაშუნაა. გემრიელად მიირთვით!