პირში დნება! ფუნთუშები ხაჭოთი და კენკრით სიამოვნებისგან თვალის დახუჭვას გაიძულებთ

274

Gastronomia.ge–ს რედაქცია პირში მდნობი ფუნთუშების მომზადებას გთავაზობთ. ძალიან ლამაზი და არომატული გამოდის, ამიტომ გაგიჭირდებათ ცდუნებას გაუძლოთ. განსაკუთრებით მაშინ, თუ ტკბილეულის მოყვარული ხართ. ფუნთუშები ხაჭოთი მოამზადეთ და შედეგით აღფრთოვანებული დარჩებით.

ინგრედიენტები:

  • 320 გ ხორბლის ფქვილი
  • 160 მლ რძე
  • 40 გ კარაქი
  • 0,25 ჩ/კ მარილი
  • 1 ჩ/კ ვანილი
  • 1 კვერცხის გული
  • 100 გ შაქრის ფხვნილი
  • 4 გ მშრალი საფუარი
  • 2 კვერცხი
  • 3 ს/კ შაქარი
  • 200 გ ხაჭო
  • 1 ჩ/კ სახამებელი
  • 150 გ კენკრა

მომზადების წესი:

1. ინგრედიენტების მითითებული რაოდენობით ზუსტად 10-12 ფუნთუშა გამოვა.

2. პირველ რიგში, ფუნთუშის ცომი მოამზადეთ. ცომის ხაში გააკეთეთ. 150 მლ თბილ რძეში საფუარი გახსენით, 0,5 ს/კ შაქარი და 1 ს/კ ფქვილი დაუმატეთ. კარგად აურიეთ და 10 წუთით გააჩერეთ.

3. ცალკე 1 კვერცხი და 1,5 ს/კ შაქარი სათქვეფით ათქვიფეთ. ამ ნარევს ცომის ხაში და მარილი დაუმატეთ. აურიეთ. ფქვილი დაუმატეთ და ცომი მოზილეთ.

4. კარაქი წყლის ორთქლზე გაადნეთ და ცომს რამდენიმე ეტაპად დაუმატეთ.

5. თუ ძალიან წებოვანი ცომი გამოვიდა, ცოტა ფქვილი (10-20 გ) დაუმატეთ. ცომი მოზილეთ მანამ, სანამ გლუვი და ერთგვაროვანი არ გახდება. პროცესს ზუსტად 10 წუთი სჭირდება.

6. თასს ზეთი წაუსვით და ცომი ჩადეთ. ნახევარი საათით გააჩერეთ, რომ ამოვიდეს და მოცულობაში 2–ჯერ გაიზარდოს.

7. ხაჭოს შიგთავსი გააკეთეთ. ხაჭო, 1 ს/კ შაქარი, 1 ჩ/კ ვანილი და 1 კვერცხი აურიეთ. ბოლოს 1 ჩ/კ სახამებელი დაუმატეთ.

8. ამოსული ცომი ფქვილმოყრილ მაგიდაზე გადაიტანეთ. 5 მმ სისქის და 45×32 სმ ზომის ფირფიტა გააბრტყელეთ. მასზე ხაჭოს შიგთავსი თანაბრად გაანაწილეთ და ზემოდან საყვარელი კენკრა მოაყარეთ.

9. თვალით ცომის ფირფიტა სიგრძეზე სამ ნაწილად გაყავით. ერთი ნაწილი გადაკეცეთ, შემდეგ მეორე ნაწილი მეორე მხრიდან დააფარეთ.

10. მიღებული ცომის ფირფიტა 10–12 ნაწილად დაჭერით. ამდენ ფუნთუშას მიიღებთ. პერგამენტზე ისე დადეთ, რომ ფუნთუშებს შორის 1,5 სმ დაშორება იყოს. 30-40 წუთით გააჩერეთ, რომ ამოვიდეს.

11. ამის შემდეგ 1 კვერცხი და 0,5 ს/კ რძე ათქვიფეთ, ნარევი ფუნთუშებს წაუსვით. 190 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30-40 წუთით აცხვეთ.

12. მზა ფუნთუშებს შაქრის ფხვნილი მოაყარეთ. სქელი ჭიქურიც შეგიძლიათ გააკეთოთ. ამისთვის შაქრის ფხვნილი და ცხელი წყალი აურიეთ.

დესერტი ჩაიზე ან ყავაზე მისაყოლებლად იდეალურია. დიდხანს ახალი და რბილი დარჩება. გემრიელად მიირთვით!