ზაფხული-ეს ის სეზონია, როდესაც ყველა დიასახლისი აცხობს ხილის ნამცხვრებსა და ღვეზელებს, მათგან ყველაზე გემრიელად კი, გარგარის ნამცხვარი ითვლება.
ჩვენი რედაქცია გთავაზობთ სწორედ ასეთი გემრიელი ნამცხვრის ტოსკანურ რეცეპტს, რომელიც სიმინდის ფქვილისგან და გარგარისგან მზადდება.
ჰაეროვანი, ფხვიერი, ზომიერად ტკბილი ბისკვიტი, ფორთოხლის არომატული ცედრა და რბილი, ფაფუკი, წვნიანი გარგარი ნებისმიერ ტკბილეულის მოყვარულს გააოცებს.
ნამცხვარი გარგარით
ინგრედიენტები
- 100 გრ კარაქი
- 130 გრ შაქარი
- 2 ც კვერცხი
- 3 ს.კ. არაჟანი
- 1 ც ფორთოხლის ცედრა
- 150 გრ სიმინდის ფქვილი
- 150 გრ ხორბლის ფქვილი
- 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
მომზადების წესი
1. თასში ერთმანეთს დარბილებული კარაქი და შაქარი შეურიეთ.
2. ათქვიფეთ მიქსერით, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.
3. დაუმატეთ კვერცხი და კვლავ ათქვიფეთ.
4. დაუმატეთ ნაზავს 3 ს.კ. არაჟანი, სიმინდის და ხორბლის ფქვილი, ფორთოხლის ცედრა და გამაფხვიერებელი. კარგად ათქვიფეთ მიქსერით.
5. მოათავსეთ ცომი საცხობ ფორმაში.
6. ზემოდან დაალაგეთ შუაზე გაჭრილი გარგარი კურკების გარეშე.
7. ნამცხვარი მოათავსეთ 190 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 40 წუთით.
უგემრიელესი გარგარის ნამცხვარი მზადაა. გემრიელად მიირთვით!