ნაზი და არომატული ვაშლის პეროგი მოხარშული კრემით

5400

თუ ვინმეს არ გიცდიათ პეროგის გამოცხობა მოხარშული კრემითა და ვაშლით – გირჩევთ გამოიყენეთ გასტრონომიის რედაქციის მიერ შემოთავაზებული ეს რეცეპტი. შეუდარებელი ნამცხვარი გამოგივათ, არომატული და ნაზი.

რაც მთავარია მისი მომზადება ძალიან მარტივია, გამოუვა უბრალო მოყვარულსაც. დამერწმუნეთ რამდენად სწრაფადაც მზადდება ასევე სწრაფად შეიჭმება.

ვაშლის ნამცხვარი მოხარშული კრემით

ინგრედიენტები ცომისთვის:

  • 1 კვერცხი
  • 2 ს/კ არაჟანი
  • 180 გრ. კარაქი
  • 150 გრ. შაქარი
  • 0,5 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • მწიკვი მარილი
  • 360 გრ. ფქვილი

ინგრედიენტები კრემისთვის:

  • 350 მლ. რძე
  • 1 კვერცხი
  • 2 ს/კ სახამებელი (კარტოფილის)
  • 4 ს/კ შაქარი
  • 1/3 ჩ/კ ვანილი
  • ასევე 2 დიდი ვაშლი, შაქარის პუდრა ზემოდან მოსაყრელად.

მომზადების წესი:

ცომისთვის ღმა ჭურჭელს მოაყარეთ ფქვილი, დაუმატეთ მარილი და გამაფხვიერებელი. კარაქი ცივი მაგრამ არა მაცივრის, დაჭერით კუბებად და გადაურიეთ ფქვილში ნაფხვენების მიღებამდე. შემდეგ დაუმატეთ კვერცხი, შაქარი, არაჟანი და მოზილეთ ცომი. ის აუცილებლად უნდა გამოგივიდეთ რბილი  და ფხვიერი. დაამრგვალეთ ცომი და შედგით მაცივარში, სანამ გულსართს მოამზადებდეთ.

კრემის მოსახარშად სასოტეში(ღრმა ტაფა) შეურიეთ კვერცხი, შაქარი, ვანილი და სახამებელი. ჩაუმატეთ ცივი რძე, გადაურიეთ და დადგით საშუალო ცეცხლზე. მუდმივი მორევის პირობებში მიიყვანეთ კრემი დუღილის ტემპერატურამდე და გადმოდგით ცეცხლიდან.

ცომი გაყავით 2 არათანაბარ ნაწილად 1/3 და 2/3. დიდი ნაწილი გააბრტყელეთ და გადაიტანეთ დასაშლელ 20 სმ სიგანის ფორმაში, გაუკეთეთ კიდეები.  ვაშლი გაასუფთავეთ, დაჭერით ნაჭრებად. დაალაგეთ ცომს. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ მოაყაროთ ცოტაოდენი დარიჩინიც, რაც გემოს გააუმჯობესებს. დაასხით ზემოდან ცხელი კრემი. მორჩენილი ცომი გააბრტყელეთ და დაჭერით  დიდ ზოლებად. ზოლები ბადის ფორმით დაალაგეთ კრემზე.

მოათავსეთ პეროგი 180°С მდე გახურებულ ღუმელში 40-50 წუთით. ნამცხვარის ზედაპირი და კიდეები უნდა შეიბრაწოს.