ბაბუას ეზოში უზარმაზარი კაკლის ხე იზრდება. დარწმუნებული ვარ, 40 წლის მაინც არის. როგორც მინიმუმ, იმაზე მეტის, ვიდრე თავი მახსოვს. ბაბუა მას უვლის, სხლავს, კვებავს. ამისთვის კაკალი უხვი მოსავლით მადლობას გვიხდის. ბაბუა ყოველწლიურად კაკლის ნაყოფს მაქსიმალურად იყენებს. მწვანე კაკლის ნაყენი მისი საფირმო რეცეპტია.
ივლისში ამზადებს, როცა კაკალი ჯერ კიდევ მწვანეა. ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ ამად ღირს. ბაბუა სასმელს კაკლის ლიქიორს უწოდებს და ყველა სტუმარს უმასპინძლდება. Gastronomia.ge–ს რედაქცია ამ სასმელის რეცეპტს გიზიარებთ. კაკლის სეზონი დაიწყო, შეგიძლიათ ლიქიორის მომზადებას შეუდგეთ.
მწვანე კაკლის ნაყენი
ინგრედიენტები:
- 20 მწვანე კაკალი
- 1 ლ ალკოჰოლური სასმელი
- 20 ცალი მიხაკი
- მწიკვი დარიჩინი
- 2 ჭიქა შაქარი
- 1 ჭიქა წყალი
მომზადების წესი:
1. მან, ვისაც სახლში ნაყენი მოუმზადებია, იცის, რომ სწრაფი პროცესი არაა. 20 რბილი და ჯერ კიდევ მკვახე ნიგვზის ნაყოფი მოკრიფეთ. გარეცხეთ და გააშრეთ.
2. 4 ნაწილად დაჭერით, სამლიტრიან ქილაში ჩაყარეთ. მიხაკი და დარიჩინი დაუმატეთ. 1 ლ კარგი არაყი დაასხით. ბნელ ადგილას 40 დღე დააყენეთ, ზოგჯერ ქილა შეანჯღრიეთ.
3. მთელი ეს ნარევი სამფენად გაკეცილ მარლაში გადაწურეთ და მინანქრის ქვაბში ჩაასხით.
4. შაქრის სიროფი (2 ჭიქა შაქარი 1 ჭიქა წყალზე) ცალკე მოხარშეთ. ოთახის ტემპერატურამდე გააგრილეთ.
5. ნაყენი შაქრის სიროფს კარგად აურიეთ. რამდენიმე საათში ბოთლებში გაანაწილეთ. ახლა შეგიძლიათ დალიოთ და ჯანმრთელობა გააძლიეროთ!
მწვანე კაკლის ნაყენი სასარგებლო თვისებებს ფლობს. მასში В2 და В3 ვიტამინები შედის. ბევრ სასარგებლო მინერალსაც შეიცავს. ესენია: კალიუმი, ნატრიუმი, რკინა და მაგნიუმი. თუ ზომიერებას დაიცავთ, საჭმლის მომნელებელ სისტემას დაეხმარებით. სასმელი დიდი სიფრთხილით მიირთვით, თუ თირკმლების და ღვიძლის პრობლემები გაქვთ.
ნაყენის მომზადების კიდევ ერთი საიდუმლო – სწორი დღე კაკლის შესაგროვებლად. ბაბუა ამბობს, რომ სასურველია 6-7 ივლისს, იოანე ნათლისმცემლის დღეს შეაგროვოთ. ასე ნაყენი იდეალური გამოვა. სცადეთ. ბაბუა ამ ნაყენს უკვე 20 წელია აკეთებს!