ნამდვილი უზბეკური სამსას არომატული ცომი და წვნიანი შიგთავსი გულგრილს არავის დატოვებს. ეს არ არის მხოლოდ ხორციანი ღვეზელები, არამედ ცენტრალური აზიის სამზარეულოს ნამდვილი მარგალიტია. არსებობს ლეგენდა ლამაზ გოგონაზე, რომელსაც სამსა ერქვა, და რომლის საპატივცემულოდაც ეწოდა ეროვნულ კერძს ეს სახელი.
ტრადიციულად, ხორციან სამსას სამკუთხა ფორმა აქვს, ხოლო შიგთავსად ცხვრის ხორცი გამოიყენება. აღმოსავლურ ახალ წელს ამ კერძს მწვანილით ამზადებენ, ხოლო ტკბილ სამსას მოხარშული გოგრის შიგთავსი აქვს და მას შემოდგომის მოსავლის აღსანიშნავად ამზადებენ. დღეს ჩვენი რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ სამსა ძროხის ხორცით და უფრო სწრაფი ტექნიკის გამოყენებით.
ინგრედიენტები
- 500 გრ ძროხის ხორცი
- 650 გრ ხორბლის ფქვილი
- 100 მლ მზესუმზირის ზეთი
- 2 ჩ.კ. მარილი
- 300 მლ კეფირი
- 150 გრ კარაქი
- 1 ჩ.კ. ზირა (კვლიავი)
მომზადების წესი
1. გაადნეთ კარაქი, შემდეგ ოდნავ გააცივეთ, დაუმატეთ კეფირი და მზესუმზირის ზეთი, კარგად მოურიეთ.
2. თხევად ნაზავს დაუმატთ 1,5 ჩ.კ. მარილი და მოურიეთ. დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და მოზილეთ მკვრივი, ცხიმიანი ცომი. შემდეგ ცომი ცოტა ხნით “დაასვენეთ”.
3. ამ დროის განმავლობაში მოამზადეთ შიგთავსი: წვრილად დაჭერით ხახვი და შეურიეთ ძროხის ფარშს. დაუმატეთ ნახევარი ჩ.კ. მარილი, ზირა და მოურიეთ.
4. გაყავით ცომი 4 ნაწილად. თითოეული გაიყვანეთ თხელ გრძივ ფირფიტად. გამოიყენეთ ფქვილი, რომ ცომი არ დაეკროს გასაყვან ჯოხს და სამუშაო მაგიდის ზედაპირს. როგორც კი ცომს გაიყვანთ, დაახვიეთ იგი გასაყვან ჯოხზე, შემდეგ კი კუთხეები ცენტრისკენ მიწიეთ, რომ მიიღოთ გარმონის მსგავსი ფორმა. ფრთხილად გამოაძვრეთ “გარმონი” გასაყვანი ჯოხიდან, რომ ცომმა ფორმა არ დაკარგოს.
5. თქვენ მიიღებთ გოფრირებული ცომის ფენას. კიდეებში ცომი ოდნავ გაწელეთ, რომ იგი უფრო დაგრძელდეს. რამდენიმე სანტიმეტრიანი დაშორებებით მოათავსეთ ცომზე 4 სავსე სუფრის კოვზით შიგთავსი, დაფარეთ შიგთავსი ცომით, შეინარჩუნეთ გარმონის მსგავსი ფორმა!
6. შიგთავსებს შორის არსებულ სიცარიელეს თითებით მსუბუქად დააჭირეთ. თქვენ უნდა მიიღოთ რამდენიმე ხორცით სავსე პატარა ტომარა. შემდეგ დააცალკევეთ ხორციანი “ტომრები”, საცხობ ლანგარს წაუსვით ზეთი და მასზე მოათავსეთ თითოეული გამოსაცხობად მომზადებული სამსა, ზემოდან წაუსვით ათქვეფილი კვერცხი და მოათავსეთ ღუმელში. გამოაცხვეთ ღვეზელები 190 გრადუსზე 30 წუთით.
ღვეზელების გამოცხობის ასეთი მეთოდი საკმაოდ ეკონომიურია და უზბეკეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს. თუ შიგთავსის გამრავალფეროვნება გსურთ, დაუმატეთ მას ქინძისა და ოხრახუშის ნაზავი, ეს ფარშს შეუდარებელ არომატს შესძენს. გააფორმეთ ღვეზელები სეზამისა და კვლიავის თესლით. გემრიელად მიირთვით!