მარწყვის შარლოტა. მარტივი საზაფხულო დესერტის გამოცდილი რეცეპტი

310

მარწყვის სეზონზე მარტივი საზაფხულო პეროგის გამოცხობა აუცილებლად უნდა მოასწროთ. შარლოტა ახალი მარწყვით არომატული და გემრიელი გამოდის. Gastronomia.ge–ს რედაქცია გამოცდილ რეცეპტს გიზიარებთ.

მარწყვის შარლოტა

დესერტის მომზადებას მინიმუმი ინგრედიენტებით შეძლებთ. მთავარია, კარგ განწყობაზე იყოთ. დამწყები მზარეულიც, რომელსაც ცომეული არასდროს გამოუცხვია, იდეალური შარლოტას მომზადებას შეძლებს.

ინგრედიენტები:

  • 200 გ ხორბლის ფქვილი
  • 40 გ სიმინდის სახამებელი
  • 3 კვერცხი
  • 140 გ შაქარი
  • 150 გ არაჟანი
  • 30 მლ მცენარეული ზეთი
  • 2 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 500 გ ახალი მარწყვი
  • ვანილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1. გარეცხილი და გასუფთავებული მარწყვი მეოთხედ ნაწილებად დაჭერით.

2. კვერცხი და შაქარი გათეთრებამდე და მოცულობის გაზრდამდე ათქვეფეთ. 5-7 წუთი საკმარისია. არაჟანი, ვანილი და ზეთი დაუმატეთ. ყველაფერს კარგად აურიეთ.

3. ხორბლის ფქვილი, გამაფხვიერებელი და სიმინდის სახამებელი ცალკე გაცერით. მშრალი ნარევი კვერცხის მასას დაუმატეთ და აურიეთ, რომ ერთიანი ნარევი მიიღოთ.

4. საცხობ ფორმას ზეთი წაუსვით. ცომის ნახევარი ჩაასხით, დაჭრილი მარწყვი დაუმატეთ. ცომის მეორე ნახევარი ჩაასხით. სპატულით ზედაპირი გაასწორეთ.

5. წინასწარ 170 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 45 წუთი აცხვეთ. მზა პეროგს გაცივება აცადეთ. სანამ სუფრაზე გაიტანთ, პეროგს შაქრის ფხვნილი მოაყარეთ და პიტნა დაუმატეთ.

პეროგით ექსპერიმენტები შეგიძლიათ ჩაატაროთ. შიგთავსად არა მხოლოდ მარწყვი, არამედ ნებისმიერი სხვა კენკრა შეგიძლიათ გამოიყენოთ. მაგალითად, მოცვი, მაყვალი, მოცხარი და სხვა. თქვენი სურვილით აირჩიეთ.

პეროგი ხილის და კენკრის გარეშეც შეგიძლიათ გამოაცხოთ. ვანილი ან დარიჩინი დაუმატეთ, ასე ნაზი და არომატული გამოვა. რამდენიმე ვაშლის დამატებით კლასიკურ შარლოტას მიიღებთ.

ხაჭოს შარლოტაც უნაზესი გამოდის. შარლოტა არა მხოლოდ ტკბილი შეიძლება იყოს. საოცარი ცომი კომბოსტოს შიგთავსით ცომეულზე წარმოდგენას შეგიცვლით.