ლობიოს კირკაჟი ნიგვზითა და ძმრით – უგემრიელესი რეცეპტი!

3500

ლობიო ცნობილი იყო ძველ საბერძნეთსა და რომში “ლობოსის და ფასეოლუსის” სახელწოდებით. იგი ხმარებაში იყო ამერიკაში და მთელ რიგ სხვა ქვეყნებში.

საუკუნეები დასჭირდა ლობიოს გავრცელებას ევროპაში. იგი გავრცელდა ექიმ ჟოფრუას  შრომების წყალობით, რომელმაც პირველმა დაახასიათა ლობიო, როგორც სასარგებლო საკვები პროდუქტი.

ამჟამად ლობიოს კულტურა ძალიან გავრცელებულია. არსებობს მისი 200-მდე ნაირსახეობა. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან ფორმით, კანის ფერით, სისქით და მოწევის დროით (საადრეო და საგვიანო).

თავისი ქიმიური შემადგენლობის – ცილებისა და ნახშირწყლების სიუხვის გამო ლობიოს მარცვლები წარმოადგენს საუკეთესო საკვებ პროდუქტებს. მას ზოგიერთი სამკურნალო თვისებასაც აწერენ, მაგალითად, წითელი ლობიოს ნახარშს იყენებენ კუჭის აშლილობის დროს, ლობიოს კულინარიაშიც ფართო გამოყენება აქვს როგორც ნედლი პარკების, ისე გამხმარი მარცვლების სახით.

ტყუილად არ გვისაუბრია ლობიოზე ამდენი, გასტრონომია მისგან მომზადებულ ერთ-ერთ საუკეთესო კერძის რეცეპტს გთავაზობთ. აი ისიც!

ლობიოს კირკაჟი ნიგვზითა და ძმრით 

ინგრედიენტები:

  • წითელი ან ჭრელი ლობიო – 600 გრამი
  • ნიგოზი – 1 ჩაის ჭიქა
  • დანაყილი ქინძი – 1 ½ სუფრის კოვზი
  • ნიორი – 2 ცალი
  • ხახვი- 1 ცალი
  • ძმარი – 3 სუფრის კოვზი
  • ქინძი – 2 სუფრის კოვზი
  • მარილი და წიწაკა – გემოვნების მიხედვით

მომზადების წესი:

  1. ჩვეულებრივი წესით მოვხარშოთ წითელი ან ჭრელი ლობიო. გადმოვყაროთ ფლავსაწურზე, რომ სისველე არ შეჰყვეს.
  2. დავნაყოთ წიწაკა, ნიორი და ქინძი. დანაყილ ნიგოზს ზეთი გამოვხადოთ და ცალკე ფინჯანზე გადავიტანოთ.
  3. ნიგოზი, ნიორი, წიწაკა ავურიოთ 3 სუფრის კოვზ ღვინის ძმარში, ზედ დავაყაროთ მოხარშული და გაწურული ლობიო და ფრთხილად ავურიოთ კოვზით, რომ ლობიოს მარცვლები არ დაისრისოს. შემდეგ გადავიტანოთ ლანგარზე, ზევიდან ლამაზად დავაწყოთ ალყად დაჭრილი ხახვი, წვრილად დაჭრილი ქინძი და მოვასხათ გამოხდილი ნიგვზის ზეთი.
  4. ასევე შეიძლება მოვამზადოთ მუხუდოს და ცერცვის კირკაჟი.

თქვენ როგორ ამზადებთ ლობიოს კირკაჟს? გაგვიზიარეთ კომენტარებში თქვენი საფირმო რეცეპტი.