ლაზური ზრაზი – უგემრიელესი კერძი, რომლის გასინჯვაც ნამდვილად ღირს!

ფეოდალურ ხანის დასავლეთ საქართველოში, ეგრისის სამეფოს ერთ-ერთი პროვინცია იყო ლაზიკა. ის მოიცავდა ტერიტორიას მდინარე რიონის ქვემო დინებასა და მდინარე ჭოროხის შესართავს შორის.

დღევანდელ დღეს ლაზები (ჭანები) ძირითადად ცხოვრობენ თურქეთის ტერიტორიაზე, შავი ზღვის სანაპიროზე. მცირე რაოდენობით არიან აჭარაში, მდინარე ჭოროხის აუზში, და სამეგრელოში, ენგურის შესართავთან.

თურქეთში მცხოვრებ ლაზებს საუკუნეების მანძილზე არ დაუკარგავთ ქართული ტრადიციები და, რაც მთავარია, ენა. ისინი ლაპარაკობენ ქართველური ჯგუფის ენის ლაზურ (ჭანურ) დიალექტზე. სამზარეულოც შესაბამისად, ქართული აქვთ.

გასტრონომიამ დღეს ლაზური ზრაზის რეცეპტი მოიძია. ლაზებში ეს კერძი ძალიან პოპულარულია.

ინგრედიენტები:

  • ღორის ხორცი – 1 კგ
  • ყველი – 500 გ
  • პამიდორი – 200 გ
  • კარაქი ან ერბო – 100 გ
  • აჯიკა და მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ღორის რბილი ხორცი გავრეცხოთ, თხელ ნაჭრებად დავჭრათ, დავაყაროთ მარილი, ცოტა დავბეგვოთ და გავაბრტყელოთ.
  2. ცალკე მოვამზადოთ საკაზმი: ერთანეთში ავურიოთ დაჭრილი იმერული ყველი ან სულგუნი, კანგაცლილი დაჭრილი პამიდორი და აჯიკა.
  3. ეს საკაზმი მოვათავსოთ გაბრტყელებული ხორცის შუაგულში, გადავახვიოთ, შევკრათ ძაფით და შევწვათ ცხიმწასმულ ტაფაზე ან ღუმელში.

გემრიელად მიირთვით!