კრაფინი არა მხოლოდ სააღდგომო სუფრას, არამედ ნებისმიერ სადღესასწაულო მაგიდას მრავალფეროვნებას მატებს. Gastronomia.ge–ს რედაქცია კრაფინის დეტალურ რეცეპტს გიზიარებთ და გირჩევთ, რომ ნათესავები ლამაზი ციტრუსის ცომეულით გაახაროთ. ხრაშუნა ხვეულები უბრალოდ შეგიყვარდებათ!
კრაფინის რეცეპტი
ცომეული ციტრუსის მოყვარულებს განსაკუთრებით მოეწონებათ. ფორთოხლის წვენი და ცედრა ცომს უჩვეულო სინაზეს მატებს. ჩვეულებრივ, კრაფინებს ქიშმიშს ან ცუკატებს უმატებენ, მაგრამ რეცეპტი შეგიძლიათ შეცვალოთ და მეტი კაკალი დაუმატოთ. ნუშის ფანტელები განსაკუთრებით უხდება, თუმცა სხვა კაკალიც გამოგადგებათ.
ინგრედიენტები:
- 2 ჩ/კ ფორთოხლის ცედრა
- 50 მლ ფორთოხლის წვენი
- 100 მლ რძე
- 2 ჩ/კ მშრალი საფუარი
- 120 გ შაქარი
- 2 პაკეტი ვანილი
- 1 კვერცხი
- 2 კვერცხის გული
- მარილი
- 420 გ ფქვილი
- 50 გ კარაქი ცომისთვის
- 80 გ კარაქი ცომზე წასასმელად
- 120 გ ქიშმიში ან ცუკატები
მომზადების წესი:
1. შიგთავსზე წინასწარ იზრუნეთ. ქიშმიშს და ცუკატს მდუღარე წყალი დაასხით და 5 წუთით გააჩერეთ. ამის შემდეგ ქაღალდით გაამშრალეთ.
2. 1 ჩ/კ მშრალი საფუარი და 1 ჩ/კ შაქარი თბილ რძეს დაუმატეთ. კარგად აურიეთ და 15 წუთით გააჩერეთ.
3. ცალკე თასში კვერცხის გულები, კვერცხი, დარჩენილი შაქარი და ვანილი აურიეთ. მიქსერით მასის გაღიავებამდე ათქვიფეთ.
4. გაცრილ ფქვილს 1 ჩ/კ საფუარი დაუმატეთ და ინგრედიენტებს კარგად აურიეთ. ფქვილის ცენტრში ჩაღრმავება გააკეთეთ. მასში კვერცხის მასა ჩაასხით, 50 გ გამდნარი კარაქი, ფორთოხლის წვენი და ცედრა დაუმატეთ. კოვზით აურიეთ და საფუარის ნარევი დაუმატეთ.
5. წელვადი ელასტიური ცომი მოზილეთ და ცხიმწასმულ ჭურჭელში გადაიტანეთ. 1–1,5 საათით გააჩერეთ. ამის შემდეგ ორ ნაწილად გაყავით და პარკის ქვეშ კიდევ 10 წუთით გააჩერეთ.
6. საყვარელი ეტაპი იწყება: ცომი მაქსიმალურად თხლად გააბრტყელეთ. ეცადეთ, რომ ცომმა მართკუთხა ფორმა შეინარჩუნოს. კარაქის ნაწილი წაუსვით, ცუკატები და ქიშმიში მოაყარეთ. ახლა ძეხვივით დაახვიეთ და სიგრძეზე ჩაჭერით (ბოლომდე არა).
7. სპირალურად დაახვიეთ ისე, რომ გაჭრილი მხარე ყოველთვის ზემოთ იყოს. კრაფინი ფორმაში გადაიტანეთ. თავზე დააფარეთ და 1 საათით გააჩერეთ. კრაფინი ორ ეტაპად გამოაცხვეთ: 200 გრადუსზე 10 წუთით აცხვეთ, ხოლო შემდეგ 180 გრადუსზე – 25 წუთით.
8. ცომეულს შაქრის ფხვნილი შეგიძლიათ მოაყაროთ.
გემრიელად მიირთვით!