ეს იტალიური დესერტი ფლორენციაში გამოიგონეს. “ალხერმესი” ღია წითელი შეფერილობის ლიქიორია, რომელსაც ფლორენციელი ბერები ამზადებდნენ. ამ დესერტის მომზადებისას “ალხერმესი” შეგიძლიათ შეცვალოთ წითელი ფერის ნებისმიერი მსუბუქი ლიქიორით.
ინგრედიენტები:
- 5 დიდი კვერცხის გული
- 3/4 ფინჯანი (150 გ) შაქარი
- 1/3 ფინჯანი ფქვილი
- 2 ფინჯანი რძე
- 1/2 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი (ესენცია)
- 125 გ გახეხილი შავი შოკოლადი; დამატებით – მოსართავად
- 1/2 ფინჯანი ლიქიორი “ალხერმესი”
- 1/2 ფინჯანი რომი
- 1/4 ფინჯანი წყალი
- 20 ცალი იტალიური ნამცხვარი “სავოიარდი”
- ათქვეფილი ნაღები – მოსართავად
მომზადების წესი:
- გათეთრებამდე ათქვიფეთ კვერცხის გულები და შაქარი. შეურიეთ ფქვილი.
- რძე ვანილთან ერთად გააცხელეთ, მაგრამ არ აადუღოთ.
- ნელ-ნელა ჩაასხით კვერცხიან მასაში და 7-8 წუთი სქელძირიან ქვაბში, დაბალ ცეცხლზე განუწყვეტლივ ურიეთ, რომ ერთგვაროვანი კრემი მიიღოთ.
- მოხარშული კრემის ნახევარი თასში გადაიტანეთ, გადააკარით სამზარეულოს ცელოფანი, რომ ზედაპირი არ გაუმაგრდეს.
- ცხელწყლიან ორთქლის აბაზანაში გაადნეთ შოკოლადი.
- დარჩენილი მოხარშული კრემი შეურიეთ გამდნარ შოკოლადს. ცეცხლზე 2 წუთი დატოვეთ. განუწყვეტლივ ურიეთ.
- შოკოლადიანი მოხარშული კრემი ჯამში გადაიტანეთ და სამზარეულოს ცელოფანი გადააკარით.
- ცალკე თასში შეურიეთ ლიქიორი, რომი და წყალი.
- ამ ნაზავში ამოავლეთ ნამცხვარი და მინის განიერ თასში ჩააწყვეთ.
- წაუსვით შოკოლადის კრემი, ზემოდან ისევ დასველებული ნამცხვარი დააწყვეთ ერთ ფენად და მოხარშული კრემი მოასხით.
- ბოლო ფენა უნდა იყოს ლიქიორის ნაზავში დასველებული ნამცხვარი. თავდახურული მაცივარში დატოვეთ 12 საათი.
- სუფრაზე მიტანის წინ მორთეთ ათქვეფილი ნაღებით, თუ გნებავთ, გახეხილი შოკოლადიც მოაყარეთ.
ულუფა: 8-10
მომზადება: 45 წუთი+12 საათი გასაცივებლად
დონე: 1