დღეს ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ თურქული ღვეზელის შესანიშნავ რეცეპტს ხორცის შიგთავსით. რეცეპტი საკმაოდ ადვილია, თუმცა, მას თავისი განსაკუთრებულობები და საიდუმლოები აქვს.
თურქული ღვეზელი
ინგრედიენტები ცომისთვის
- 500 მლ რძე
- 250 მლ მცენარეული ზეთი
- 2 ც კვერცხი
- 1 ს.კ. შაქარი
- 0,5 ს.კ. მარილი
- 1 კგ ფქვილი
- 10 გრ გამაფხვიერებელი
- 10 გრ მშრალი საფუარი
ინგრედიენტები შიგთავსისთვის
- 600 გრ ფარში (ძროხის ან ცხვრის)
- 250 გრ ტკბილი პილპილი
- 2 ც ხახვი
- 120 გრ პომიდორი
- 2 ს.კ. ტომატის პასტა
- დაფქული ცხარე პილპილი გემოვნებით
- მარილი და დაფქული შავი პილპილი გემოვნებით
- 1 კვერცხის გული
- 1,5 ს.კ. რძე
მომზადების წესი
1. მოსახერხებელ თასში შეურიეთ ერთმანეთს რძე, მცენარეული ზეთი, შაქარი, მარილი და კვერცხი.
2. ცალკე თასში შეურიეთ ერთმანეთს ფქვილი, მშრალი საფუარი და გამაფხვიერებელი, კარგად მოურიეთ.
3. თანდათან დაუმატეთ მშრალ ინგრედიენტებს თხევადი ნაზავი. მოზილეთ რბილი ცომი (ცომი ოდნავ უნდა ეკრობოდეს ხელზე). გადააფარეთ ცომს საკვები ცელოფანი და გააჩერეთ 1,5 საათით, რომ მისი მოცულობა გაორმაგდეს.
4. შიგთავსის მოსამზადებლად ორივე ხახვი დაჭერით 6-6 ნაწილად. ტკბილ პილპილს გამოაცალეთ შიგთავსი და დაჭერით პატარა ზომის ნაჭრებად.
5. პომიდვრებს გაუკეთეთ ჯვარედინი ჭრილები, დაასხით მდუღარე წყალი 7 წუთით და შემდეგ მოაშორეთ კანი პომიდორს.
6. პომიდორი, ხახვი და ტკბილი პილპილი დააბლენდერეთ. მიღებულ მასას დაუმატეთ ძროხის ფარში, შავი პილპილი, მარილი, ცხარე პაპრიკა და ტომატის პასტა. კარგად აურიეთ ყველა ინგრედიენტი.
7. ფარში გაყავით 16 ნაწილად (მისი ყველა ნაწილი დაახლოებით 60 გრ-ს უნდა იწონიდეს). აფუებული ცომი გაყავით 16 თანაბარ ნაწილად. ცომის თითოეული ნაჭერი დაამრგვალეთ და საკვებ ცელოფანში შეფუთეთ.
8. ცომის ნაჭრები გაიყვანეთ ცომის გასაყვანი ჯოხით. მოათავსეთ მათ ცენტრში ფარშის ბურთულები და დაფარეთ ფარში ცომის კუთხეებით. ცომისა და ფარშის დარჩენილი ნაჭრებითაც იგივე გაიმეორეთ.
ცომის ბოლოებს ერთმანეთთან შეწებება არ სჭირდება!
9. საცხობ ლანგარს წაუსვით მცენარეული ზეთი და მასზე დაალაგეთ მზა ღვეზელები. გააჩერეთ ნახევარი საათით, შემდეგ კი ზემოდან კვერცხის გულისა და რძის ნაზავი წაუსვით.
10. მოათავსეთ ღვეზელი 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და გამოაცხვეთ 25-30 წუთის განმავლობაში.
სულ ესაა, თურქული ღვეზელი ხორცით მზადაა. გემრიელად მიირთვით!