ვამწნილებთ ბულგარულ წიწაკას 25 წუთში ზამთრისთვის შესანახად

1482

Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ წარმოუდგენელ წასახემსებელს ბულგარული წიწაკით. ზამთრის სუფრა შეგიძლიათ არა მხოლოდ პომიდვრის და კიტრის მწნილით, არამედ ტკბილი წიწაკის მარინადით გაამრავალფეროვნოთ. რაც ყველაზე საინტერესოა, ამ რეცეპტით დამწნილებულ წიწაკას თესლისგან გაწმენდა და დაჭრა არ სჭირდება. ძალიან გემრიელი წასახემსებელი გამოდის და სულ რაღაც 25 წუთში მზადდება.

ინგრედიენტები სამლიტრიან ქილაზე:

  • 2 კგ წიწაკა
  • ოხრახუში
  • 6-8 კბილი ნიორი
  • 3-5 ჩ/კ მდოგვის თესლი
  • 15 ცალი ბაჰარის წიწაკა

მარინადისთვის დაგჭირდებათ:

  • 1 ლ წყალი
  • 250 მლ 9%–იანი ძმარი
  • 200 გრ შაქარი
  • 2 ს/კ მარილი
  • 5 ს/კ მცენარეული ზეთი

მომზადების წესი:

1. ამ რეცეპტისთვის საშუალო ზომის წიწაკა შეარჩიეთ. რამდენიმე ადგილას ჩანგლით დასერეთ, რომ მარინადი შიგნით მოხვდეს.

2. მარინადის მოსამზადებლად ყველა ინგრედიენტი აურიეთ და ცეცხლზე დადგით. მას შემდეგ, რაც ადუღდება, წიწაკა დაუმატეთ და ყოველი მხრიდან 3 წუთით ხარშეთ.

3. ამ რაოდენობის წიწაკისთვის ერთლიტრიანი 3 ქილა დაგჭირდებათ. თითოეულ ქილაში 5-6 წიწაკის მარცვალი, 1 ჩ/კ მდოგვის თესლი, რამდენიმე ტოტი ოხრახუში და რამდენიმე კბილი დაჭრილი ნიორი დაუმატეთ.

4. ქილები ბულგარული წიწაკით გაავსეთ. კარგად ჩატუმბეთ, რომ ქილაში რაც შეიძლება მეტი წიწაკა მოხვდეს. ქილა შუამდე გაავსეთ, ცოტა ნიორი და ოხრახუში დაუმატეთ. ამის შემდეგ ბოლომდე წიწაკით გაავსეთ და დარჩენილი ნიორი, ცოტა მდოგვი დაუმატეთ. ახლა ცხელი მარინადი დაასხით.

5. ქილები მოხუფეთ, შეფუთეთ და გაგრილებამდე ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ. ამის შემდეგ საკუჭნაოში ან სარდაფში შეინახეთ. ზამთრისთვის წიწაკის მარინადი მზადაა!

გემრიელად მიირთვით!