არ მოუსმინოთ არავის, ვინც გეტყვით, რომ ეკლერი რძისა და კარაქის გარეშე არ გამოვა. Gastronomia.ge–ს რედაქცია გიზიარებთ საუკეთესო რეცეპტს, რომლის მიხედვით ეკლერს მცენარეულ ზეთსა და წყალზე მოამზადებთ. იდეალური გემო აქვს! ფორმას კარგად ინარჩუნებს, დიდხანს არ სველდება და ნებისმიერ შიგთავსს (ტკბილი, მარილიანი) ეთავსება. ეკლერი რომ გამოვიდეს, ინგრედიენტების შერევის ინსტრუქცია და ცხობის წესები დაიცავით.
როგორ მოვამზადოთ ეკლერები მცენარეული ზეთით და წყლით
2 მნიშვნელოვანი წესი: ცომს კვერცხი სათითაოდ დაუმატეთ და ღუმელის კარი არ გააღოთ. ეკლერი კარგად უნდა გამოშრეს. ღუმელიდან დროზე ადრე არ გამოიღოთ, თუნდაც გარეგნულად მზად გამოიყურებოდეს. სხვა შემთხვევაში, ეკლერი სწრაფად დარბილდება და დაჯდება.
საცხობ ფორმაზე ცომის დადება საკონდიტრო ტომრით უფრო მოსახერხებელია. თუ ასეთი არ გაქვთ, სქელი პარკი გადაჭრილი წვერით გამოიყენეთ. ასევე პერგამენტის ქაღალდით შეგიძლიათ ნახვრეტიანი ტომსიკა გააკეთოთ.
ინგრედიენტები:
- 200 მლ წყალი
- მწიკვი მარილი
- 160 გ ხორბლის ფქვილი
- 100 მლ მზესუმზირის ზეთი
- 1 ჩ/კ შაქარი
- 5 კვერცხი
მომზადების წესი:
1. წყალი და მცენარეული ზეთი პატარა ქვაბში ჩაასხით. მარილი და შაქარი დაუმატეთ. ქვაბი გაზქურაზე დადეთ, ადუღებამდე მიიყვანეთ. ცხელ ნარევს ფქვილი დაუმატეთ და მუდმივად აურიეთ, რომ გოროხები დაშალოთ. ამას 1,5-2 წუთი დასჭირდება.
2. ცივ მოხარშულ ცომს კვერცხები სათითაოდ დაუმატეთ. ყოველ ჯერზე კარგად აურიეთ. ცომი ერთგვაროვანი, გლუვი და წელვადი უნდა გამოვიდეს. ამასთან სპატულიდან ოდნავ წვეთავდეს.
3. საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ. მასა საკონდიტრო ტომარაში გადაიტანეთ. ვარსკვლავის ფორმის თავი გამოიყენეთ. ტომრიდან ცომი საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ. ერთმანეთს 3 სმ–ით დააშორეთ, რომ ეკლერები ცხობისას ერთმანეთს არ მიეკვრას.
4. საცხობი ფორმა 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში საშუალო დონეზე მოათავსეთ. 15 წუთით აცხვეთ. ამის შემდეგ ტემპერატურა 180 გრადუსამდე შეამცირეთ და კიდევ 25 წუთით აცხვეთ. ღუმელის კარი არ გააღოთ.
5. საცხობი ფორმა ღუმელიდან გამოიღეთ, ეკლერები გააცივეთ და კრემით ან გემოვნებით რაიმე შიგთავსით გაავსეთ.
ვიმედოვნებთ, რეცეპტით იმდენად შთაგაგონეთ, რომ უახლოეს მომავალში მთა ჰაეროვან დესერტს გამოაცხობთ. ოჯახის წევრები სახლში გამომცხვარი ეკლერებით გაახარეთ. დარწმუნებული ვართ, რომ გემრიელი გამოგივათ!