დაღესტნური კვერები უსაფუარო ცომით და ხაჭოს შიგთავსით

513

დღეს Gastronomia.ge-ს რედაქცია საოცარი დაღესტნური კვერის, ბოტიშალის რეცეპტს გიზიარებთ. უსაფუარო ცომით და ხაჭოს შიგთავსით მარტივად მზადდება. ნაზი, შიგნით წელვადი ხაჭოთი მადის აღმძვრელად გამოიყურება. სუფრაზე ცხელი კვერი პირველ ან მეორე კერძთან ან უბრალოდ ჩაიზე მისაყოლებლად გააქვთ.

ცომის ინგრედიენტები:

  • 600 გრ ხორბლის ფქვილი
  • 350 მლ წყალი
  • ½ ჩ/კ მარილი
  • 3 ს/კ მცენარეული ზეთი

შიგთავსის ინგრედიენტები:

  • 600 გრ მშრალი ხაჭო
  • ½ ჩ/კ სოდა
  • 30 გრ კარაქი

დამატებითი ინგრედიენტი:

  • 40 გრ კარაქი ზემოდან წასასმელად

მომზადების წესი:

1. ცომისთვის ფქვილი და მარილი აურიეთ, წყალი დაასხით და ცომი მოზილეთ. შუა პროცესში მცენარეული ზეთი დაუმატეთ და არაწებოვანი ცომი მოზილეთ. აი, ასეთი ცომი გამოვა. პარკი დააფარეთ და 30 წუთით დაასვენეთ.

2. შიგთავსისთვის ხაჭო, მარილი და სოდა აურიეთ. კარაქი დაუმატეთ და კიდევ ერთხელ აურიეთ. ხაჭო აუცილებლად მშრალი უნდა იყოს.

3. მიღებული შიგთავსი 6 ნაწილად გაყავით და თითოეულიდან ბურთები გააკეთეთ.

4. დასვენებული ცომი ჩაზილეთ და ასევე 6 ნაწილად გაყავით. თითოეული დაამრგვალეთ. ცომი 5 წუთით გააჩერეთ.

5. ახლა ოდნავ გააბრტყელეთ, შუაში შიგთავსი მოათავსეთ.

6. ცომის კუთხეები ერთმანეთს მიადეთ და კარგად შეკარით.

7. გადააბრუნეთ და მსუბუქად ხელით რამდენჯერმე დააჭირეთ. ასე ყველა კვერი მოამზადეთ.

8. პარკი დააფარეთ და 15 წუთით გააჩერეთ.

9. ახლა თითოეული ცომი 3 მმ სისქემდე გააბრტყელეთ. მარტივად და სწრაფად გაბრტყელდება, ზედმეტი ძალისხმევა არ სჭირდება.

10. მზა კვერები მშრალ გახურებულ ტაფაზე ორივე მხრიდან აცხვეთ.

11. როცა კვერს გადააბრუნებთ, ცენტრში დანით ნახვრეტი გააკეთეთ, რომ ორთქლს გასასვლელი ჰქონდეს და გვერდები არ დახეთქოს.

12. მზა ცხელ კვერებს კარაქი წაუსვით. გემრიელად მიირთვით!