ერთ დროს ჩიზქეიქი რთულად მოსამზადებელი დესერტი მეგონა. ბისკვიტის და კრემის მომზადება, სწორად გამოცხობა, უნაკლო ჭიქურის გაკეთება შეუსრულებელ მისიად მეჩვენებოდა. მოგვიანებით ვიპოვე ჩიზქეიქის რეცეპტი ცხობის გარეშე ორცხობილით, რომელმაც დესერტზე წარმოდგენა მთლიანად შეცვალა. Gastronomia.ge–ს რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ ჩიზქეიქი მარტივად.
ჩიზქეიქი ორცხობილით
კულინარიული უნარების ფლობა საჭირო არაა, რომ ეს დესერტი გააკეთოთ. ხელმისაწვდომი პროდუქტები სჭირდება. რეცეპტი მარტივია. მომზადება დაიწყეთ.
ინგრედიენტები:
- 240 გ ფხვიერი ორცხობილა
- 75 გ კარაქი
- 350 გ ნაღების ყველი
- 400 გ შოკოლადი–კაკლის პასტა
- 40 გ შაქრის ფხვნილი
- 230 მლ ცხიმიანი ნაღები
მომზადების წესი:
1. ჩიზქეიქის ბაზა მოამზადეთ. ფხვიერი ორცხობილა დააქუცმაცეთ, გამდნარი კარაქი აურიეთ. რამდენიმე ცალი მთელი ორცხობილა და მიღებული ნაფშვენის ნაწილი მოსართავად შეინახეთ. 20 სმ დიამეტრის საცხობი ფორმის ძირში პერგამენტის ქაღალდი ჩააფინეთ და ნაფშვენი გადაიტანეთ.
2. კარგად ჩატუმბეთ, რომ სწორი ფენა მიიღოთ. ჩიზქეიქის ბაზა მზადაა. მაცივარში 1 საათი შეინახეთ.
3. ნაღების ყველი, შაქარი და 250 გ შოკოლადი–კაკლის პასტა დააბლენდერეთ. პასტის ნაცვლად მოხარშული შესქელებული რძე შეგიძლიათ გამოიყენოთ.
4. 35 %–იანი ნაღები მსუბუქი პიკის მიღებამდე ათქვეფეთ. ნაღები და ყველის მასა აურიეთ. ნარევი ორცხობილის ფენას დაასხით.
5. კოვზით კრემი გაასწორეთ. დესერტი მაცივარში რამდენიმე საათი ან მთელი ღამე გააჩერეთ.
6. გაფორმებამდე 1 საათი საყინულეში შეინახეთ. შოკოლადი–კაკლის პასტა გაადნეთ წყლის ორთქლზე ან მიკროტალღურში და ჩიზქეიქს ზემოდან წაუსვით. 15 წუთი მაცივარში შეინახეთ.
7. დანით ჩიზქეიქის გვერდები ფორმას მოაშორეთ. თუ პასტა დაგრჩათ, ჩიზქეიქის კიდეებს წაუსვით, რომ ლამაზად ჩამოიღვენთოს. ზემოდან კიდეებში ორცხობილის ნაფშვენი მოაყარეთ, შუაში მთელი ორცხობილები დადეთ. ჩიზქეიქი ცხობის გარეშე მზადაა!
შემავსებლით ექსპერიმენტები ჩაატარეთ. მზა დესერტი გემოვნებით გააფორმეთ. ზაფხულში ხილით ან კენკრით (ახალი მარწყვი, მოცვი) გააფორმეთ. შოკოლადიც შესაფერისია. გემრიელი და ლამაზი გამოვა.
ნაღების მასას შოკოლადის ნატეხები დაუმატეთ. ორეოს ორცხობილები იდეალურად უხდება. ორცხობილები ჩიზქეიქის ბაზას დაუმატეთ, ხოლო მისი კრემი ნაღების მასას. გემრიელად მიირთვით!