ჰაეროვანი, ფუმფულა, მდიდარი შიგთავსის მქონე ფუნთუშები შესანიშნავი დესერტია მათთვის, ვისაც მსუბუქი ტკბილეული უყვარს. ის პირდაპირ პირში დნება. კუჭში სიმძიმის შეგრძნებას არ ტოვებს, მხოლოდ სასიამოვნო გემო დაგრჩებათ.
ღვეზელზე სწრაფად მზადდება მიუხედავად იმისა, რომ შიგთავსი მასაც აქვს. ფუნთუშას ვანილის და რძის სუნი აქვს, რაც დესერტისთვის საუკეთესო არომატია. ბავშვებსა და უფროსებს ერთნაირად უყვართ. „გასტრონომია“ ჰაეროვანი ფუნთუშის დეტალურ რეცეპტს გთავაზობთ.
ინგრედიენტები:
- 700-750 გრ ხორბლის ფქვილი
- 300 მლ რძე
- 2 კვერცხი
- 100 გრ შაქარი
- 15 გრ საფუარი
- 2 გრ ვანილი
- 50 მლ მზესუმზირას ზეთი
- 1 ჩ/კ მარილი
მომზადება:
1. რძე, კვერცხის ცილა, შაქარი, საფუარი, ვანილი და მარილი აურიეთ. ჯერ კოვზით, შემდეგ ბლენდერით ათქვიფეთ. მიღებულ მასას თანდათანობით ფქვილი დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მისაღებად ცომი მოზილეთ.
2. როცა ცომი ამოვა, მცენარეული ზეთი დაუმატეთ. კიდევ ერთხელ მოზილეთ და თბილ ადგილას ნახევარი საათით გააჩერეთ.
3. მაგიდას ფქვილი მოაყარეთ და მასზე ცომი მოათავსეთ. ცომი 12 ნაწილად გაყავით და თითოეული დაამრგვალეთ. ბურთები 10 წუთით გააჩერეთ.
4. თითოეული ბურთის ცენტრში შიგთავსი მოათავსეთ. შიგთავსი თქვენი გემოვნებით შეარჩიეთ: ხაჭო ქიშმიშით, ვაშლის ჯემი, გახეხილი ყაყაჩო. შემდეგ კუთხეები შეაერთეთ ისე, რომ მრგვალი ფუნთუშა მიიღოთ.
5. ცხიმ წასმულ საცხობ ფორმაზე ფუნთუშები დააწყვეთ. ზემოდან ათქვეფილი კვერცხი წაუსვით. 15 წუთის შემდეგ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთით აცხვეთ.
ასეთ ჰაეროვან ფუნთუშებს ყველაზე მეტად რძე უხდება. ტრაპეზის შემდეგ განწყობა გაგიუმჯობესდებათ და თავს მყუდროდ და დანაყრებულად იგრძნობთ. თუ თაფლსაც დაუმატებთ, ძალიან შინაურული, ბებიის რეცეპტის მსგავსი დესერტი გამოგივათ.