დღეს იმ ჯადოსნურ მოგონებებში გადავეშვები, რომელიც ქალაქ ფლორენციაში ჩემს ყოფნას უკავშირდება. აქ პირველად გავსინჯე ფანტასტიკური შოკოლადის მუსი ჭიქებში. იმდენად შოკოლადის გემო და ნაზი ტექსტურა ჰქონდა, რომ დროებით რეალობასთან კავშირი დავკარგე და თითოეული წამით სიამოვნებას ვიღებდი, სანამ პირში სამოთხის დესერტი დნებოდა. შოკოლადის მუსს არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ საყვარელი ბებიისთვის ვამზადებ, რომ გავამხნევო და დავამშვიდო.
Gastronomia.ge-ს რედაქცია გიზიარებთ უჟელატინო შოკოლადის მუსის „სიმშვიდის“ მომზადების ინსტრუქციას. ისეთივე ნაზია, როგორც ღრუბელი.
ინგრედიენტები:
- 200 გ შოკოლადი
- 100 გ რძე
- 200 გ ნაღები (33%)
- 20 გ კარაქი
- 2-3 ს/კ ლერწმის ან ჩვეულებრივი შაქარი
- ნებისმიერი სანელებელი გემოვნებით
მომზადების წესი:
1. შოკოლადი დანით წვრილად დააქუცმაცეთ. თასში გადაიტანეთ.
2. ცხელი წყალი ცალკე თასში ჩაასხით. ზემოდან შოკოლადის თასი დაადეთ. შოკოლადს ცხელი რძე დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე კარგად აურიეთ.
3. კარაქის პატარა ნაჭრები დაუმატეთ და სათქვეფით ათქვიფეთ. შოკოლადის მასა 5-10 წუთით მაცივარში შეინახეთ.
4. ნაღები ცალკე თასში ათქვიფეთ, შაქარი დაუმატეთ. თუ შოკოლადი ძალიან ტკბილია, შაქარი შეგიძლიათ არ დაუმატოთ. თქვენი გემოვნებით გადაწყვიტეთ. მიქსერით მყარი ქაფის მიღებამდე ათქვიფეთ.
5. შოკოლადის მასაც ათქვიფეთ. ათქვეფილი ნაღები დაუმატეთ და სილიკონის კოვზით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. სურვილისამებრ დაუმატეთ საყვარელი სანელებლები: დარიჩინი, ილი ან ვანილი.
6. კოვზით ან საკონდიტრო ტომრით შოკოლადის მუსი კრემის ან დესერტის ჭიქაში გადაიტანეთ. გემრიელი ტკბილეულობაა. გემრიელად მიირთვით!
შოკოლადის მუსი შეგიძლიათ ტორტის გასაფორმებლად და დამოუკიდებელ დესერტად გამოიყენოთ. თუ საოცარ შოკოლადის ღრუბელს სიროფში დამარინადებულ ალუბალს ან შავქლიავს, დაქუცმაცებულ ნუშს დაუმატებთ, უბრალოდ ღვთაებრივ ნეტარებას მიიღებთ. ასევე შოკოლადის მუსს შეგიძლიათ დაუმატოთ ორცხობილა და ახალი ხილი–კენკრა. მგონი, უკვე ვიცი, რომელ დესერტს მოამზადებთ დაბადების დღისთვის!