ლიმონის ტარტი – ცხელ ჩაისთან მისაყოლებელი არომატული დესერტი

1503

ტარტისა და ღვეზელის ცომი ძალზე თხელია და შეიძლება ადვილად გაიხეს, ამიტომ შეეცადეთ, ფრთხილად იმუშაოთ და ხელით ნაკლებად შეეხოთ. ამ ყველაფრის მიუხედავად მომზადების პროცესი მაინც სასიამოვნო გამოდის. შევუდგეთ არომატული ტარტის მომზადებას.

ინგრედიენტები: 

ცომი:

  • 180 გ ფქვილი
  • 75 გ შაქრის პუდრი
  • 100 გ ცივი კარაქი, კუბებად დაჭრილი
  • 1 დიდი კვერცხის გული
  • 2-3 ჩაის კოვზი ცივი წყალი

გულსართი: 

  • 6 დიდი კვერცხი
  • 250 გ შაქარი
  • 3/4 ფინჯანი ახალგამოწურული ლიმონის წვენი
  • 3 ლიმონის წვრილად გახეხილი ცედრა
  • 3/4 ფინჯანი ცხიმიანი ნაღები

ულუფა 6-8

მომზადება: 25 წუთი + 1 საათი გასაცივებლად

ცხობა: 50-60 წუთი

დონე: 2

მომზადების წესი: 

  1. ცომი: ფქვილი, შაქრის პუდრი და კარაქი სამზარეულოს კომბაინში მოათავსეთ და დაანამცეცეთ.
  2. დაუმატეთ კვერცხის გული და 2 ჩაის კოვზი წყალი. აურიეთ და თუ საჭიროა, წყალი დაამატეთ, რომ ცომი შეიკრას და ერთგვაროვანი გახდეს.
  3. გადმოიღეთ ბლენდერიდან და სწრაფად მოზილეთ ხელით, რომ დარბილდეს.
  4. მოათავსეთ პატარა ჯამში, დააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი და 30 წუთით შედგით მაცივარში.
  5. 25 სმ დიამეტრიან საცხობ ყალიბს წაუსვით ცხიმი.
  6. ცომი ცოტა ფქვილმოყრილ მაგიდაზე გადმოიღეთ და 5 მმ სისქეზე გააბრტყელეთ.
  7. გადაიტანეთ საცხობ ყალიბში და ლამაზად შემოაჭერით გვერდები. დააფარეთ და მაცივარში მოათავსეთ.
  8. წინასწარ გააცხელეთ ელექტროღუმელი 180 გრადუსზე (აირღუმელი დააყენეთ ნიშნულზე-4).
  9. საცხობ ყალიბში ჩაკრულ ცომს პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ და სიმძიმისთვის მოაყარეთ მუხუდო, ცერცვი, ლობიო, ოსპი ან ბრინჯი, რათა ცხობისას ცომი არ ამოიბეროს.
  10. აცხვეთ 10-15 წუთი, სანამ ღია ყავისფერი არ გახდება.
  11. მოაცილეთ ქაღალდი, მარცვლეული და გადადეთ.
  12. გულსართი: კვერცხები და შაქარი რამდენიმე წამი თქვიფეთ – მასა არ უნდა აქაფდეს. დაუმატეთ ლიმონის ცედრა, ნაღები და მსუბუქად ათქვიფეთ, სანამ ერთგვაროვანი არ გახდება.
  13. მიღებული მასა დაასხით გაცივებულ, ნახევრად გამომცხვარ ცომს.
  14. ალს დაუწიეთ და ტემპერატურა დააყენეთ 150 გრადუსზე . აცხვეთ 35-40 წუთი. გულსართი ოდნავ უნდა გამაგრდეს, მაგრამ გულში ისევ რბილი დარჩეს.
  15. დატოვეთ ღუმელში, რომ კარგად გაცივდეს.

გემრიელად მიირთვით!

გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს.