ახალი წლისთვის ინდაურის საცივს, აუცილებლად ამ რეცეპტით მოვამზადებ

4061

ინდაურის საცივი ნამდვილად საახალწლო სუფრის მშვენებაა. ყველა დიასახლისს თავისი რეცეპტი გააჩნია ამ ტრადიციული კერძის მოსამზადებლად. „გასტრონიმიასაც“ სურს შემოგთავაზოთ ერთი უძველესი, ბებიების დანატოვარი ინდაურის საცივის რეცეპტი.

ინგრედიენტები:

  • ინდაური – 1 ცალი
  • ხახვი – 400 გრამი
  • ხმელი ქინძი – 1 სუფრის კოვზი
  • ხმელი უცხო სუნელი – 1 სუფრის კოვზი
  • ნიორი – 1 ძირი
  • წიწაკა – 1 ცალი
  • ზაფრანა – 3 ცალი
  • ნიგოზი – 400 – 500 გრამი
  • ძმარი – ½ ჩაის ჭიქა
  • კვერცხი – 2 ცალი
  • მარილი – გემოვნების მიხედვით

მომზადების წესი:

კარგად გასუფთავებული მსუქანი ინდაური ჩავდოთ დიდი ზომის ქვაბში, დავასხათ ცივი წყალი იმდენი, რომ ინდაურს ფარავდეს. დაახლოებით 30-40 წუთის ხარშვის შემდეგ ამოვიღოთ წყლიდან, მოვაყაროთ მარილი გარედან – კანზე და შიგნიდან  – მუცლის ღრუში. ჯერ კიდევ ცხელი ინდაური წამოვაგოთ ხის შამფურზე ღია ცეცხლზე შესაწვავად და შევწვათ ჰაერღუმელში. შეწვა გრძელდება კანის შეწითლებამდე. შემწვარი ინდაური გადავიტანოთ ლანგარზე. მის ნახარშს მოვაცილოთ ცხიმოვანი ნაწილი და შიგ მოვშუშოთ 400 გრამი ძლიერ წვრილად დაჭრილი ხახვი. მოშუშულ ხახვს დავასხათ ინდაურის ნახარში, შევდგათ ცეცხლზე და ეს ხახვიანი სითხე ვადუღოთ 10-15 წუთი. შემდეგ ავურიოთ დანაყილი ხმელი ქინძი და სუნელი, ზაფრანა, ნიორი, წიწაკა და ძლიერ წმინდად დანაყილი ნიგოზი ½ ჩაის ჭიქა ძმარში ალესილი. ამგვარად შეკმაზული წვენი ვადუღოთ 20 წუთი. შემდეგ გადმოვდგათ, შევაცივოთ და ჩავურიოთ კარგად გათქვეფილი 2 კვერცხის გული. ამასთან წვენს განუწყვეტლივ  უნდა ვურიოთ, რომ კვერცხი არ აიჭრას. შემწვარი ინდაური დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, ჩავაწყოთ ჯამფილაში და ზედ დავასხათ საცივის საწებელი, რომელიც ჯერ კიდევ თბილი იქნება.

გემრიელად მიირთვით!