კახეთში ორ დღიანი მოგზაურობის შემდეგ, დღეს კიდევ ერთხელ ვაღიარეთ ერთხმად, რომ თელავში უგემრიელესი ხინკალი კეთდება. და რაღა თქმა უნდა არც რეცეპტის წამოღება არ დაგვიწყებია. აი ისიც!
ხინკალი თელავური
ინგრედიენტები:
- წყალი 0,5 ლ
- ფქვილი 1 კგ
- ხორცი 1 კგ
- ხახვი 3-4 თავი
- ნიორი დაახლოებით 2 კბილი
- ძირა (ზირა) 1 ჩაის კოვზი
- პილპილი და მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- ხორბლის ფქვილი ჩავყაროთ ჯამში. ჩავაღრმავოთ ჩავასხათ ნელ-თბილი, გემოვნების მიხედვით მარილით შეზავებული წყალი და მოვზილოთ ცომი.შეიძლება დავამატოთ ათქვეფილი კვერცხიც.
- ცომი უნდა იყოს მაგარი, დიდი ხნის ზელვის შედეგად ელასტიური, ხელებს აღარ უნდა ეწებებოდეს და რომ გადასერავთ, ფორები უნდა ჩანდეს.
- მოვაყაროთ ფქვილი, გადავაფაროთ ტილო და გავაჩეროთ.
- ნახევარი საათის შემდეგ კიდევ ერთხელ გადავზილოთ, გავაბრტყელოთ, დავჭრათ პატარა, მრგვალ ნაჭრებად. ამასობაში მოვამზადოთ ფარში.
- ფარშის მომზადება: თანაბარი რაოდენობით ავიღოთ საქონლის და ღორის მსუქანი ხორცი. გავატაროთ ხორცსაკეპში. მასთან ერთად გავატაროთ ხახვი და ნიორი (ნიორი არ უნდა დაეტყოს), შევაზავოთ შავი პილპილით, ძირით და მარილით.
- დავუმატოთ ცოტა რაოდენობის წყალი, რათა ფარში ფაფასავით გახდეს და ხინკალი წვნიანი გამოვიდეს.
- ცომის შუაგულში მოვათავსოთ ფარში, პირი მოვუკრათ და ჩავყაროთ ადუღებულ მარილიან წყალში.
- ქვაბს თავზე დავახუროთ და რამდენჯერმე წრიული მოძრაობით შევანჯღრიოთ, რათა ხინკალი ძირზე არ მიეკრას.
- ადუღებიდან 3-5 წუთის შემდეგ ხინკალი წყლის ზედაპირზე ამოტივტივდება.
- ვადუღოთ 5-10 წთ, ორთქლზე ხელი გადავატაროთ. თუ არ დაგვეწვა, ე.ი. ხინკალი მზადაა.
- ქაფქირით ფრთხილად ამოვიღოთ ბრტყლე თეფშზე, მოვაყაროთ შავი პილპილი და სუფრაზე მივიტანოთ ცხლად.
გემრიელად მიირთვით!