ამერიკული ფანქეიქები უკრაინელი დიასახლისის რეცეპტით

602

ამერიკული ფანქეიქები თაფლთან ერთად ჩემი ერთ–ერთი საყვარელი საუზმეა. ფუმფულა ბლინები ამერიკიდან და კანადიდან მოდის, მაგრამ მსოფლიოს ბევრ სამზარეულოში ფესვები გაიდგა. Gastronomia.ge–ს რედაქცია გიზიარებთ ფანქეიქის მომზადების ინსტრუქციას უკრაინელი დიასახლისის რეცეპტით. ფაფუკი, მოწითალო და არომატული გამოდის! მშრალ ტაფაზე გამოაცხვეთ, ზეთის დამატების გარეშე!

ინგრედიენტები:

  • 250 მლ თბილი რძე
  • 2 კვერცხი
  • 10 გ გამაფხვიერებელი
  • 80 გ შაქარი
  • 10 გ ვანილი
  • 3 ს/კ მცენარეული ზეთი
  • 300 გ ფქვილი

მომზადების წესი:

1. კვერცხი ათქვიფეთ, შაქარი და ვანილი დაუმატეთ. სათქვეფით შაქრის გახსნამდე ათქვიფეთ.

2. თბილი რძე დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. რძის ტემპერატურა დაახლოებით 40 გრადუსია.

3. გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი ორ ნაწილად დაუმატეთ. აურიეთ, შემდეგ მცენარეული ზეთი დაუმატეთ. ზეთი საჭიროა, რომ ფანქეიქები ტაფას არ მიეკვრას. ცომი საკმაოდ თხევადი გამოდის.

4. ფანქეიქები მშრალ ტაფაზე ორივე მხრიდან მომზადებამდე აცხვეთ. მითითებული რაოდენობით დაახლოებით 12-15 ფანქეიქი გამოდის.

5. ესეც ასე, არომატული ფანქეიქები მზადაა. გემრიელად მიირთვით!

ამერიკაში წასვლა საჭირო არაა, რომ გემრიელი და ფაფუკი ფანქეიქები მიირთვათ. თაფლი, ჯემი, ნუტელა, კარამელი ან მურაბა შეგიძლიათ მიაყოლოთ. უმარტივესი რეცეპტია და პროდუქტები ხელმისაწვდომი.