ათას ერთი ვარიაცია თემაზე „ნოყიერი ვახშამი კარტოფილით“. მაცივრიდან სალა გამოიღეთ

428

გამომცხვარი კარტოფილი იდეალური ვახშამია, რომელსაც ათასი ვარიაცია აქვს. გთავაზობთ მომზადების კიდევ ერთ მეთოდს, კერძოდ კარტოფილი სალით. მთავარი ხიბლი ისაა, რომ კარტოფილი სწორად უნდა დაამარინადოთ.

Gastronomia.ge–ს რედაქცია გიზიარებთ კარტოფილის მარტივ, მაგრამ ძალიან ნოყიერ რეცეპტს.

ინგრედიენტები:

  • 1 კგ კარტოფილი
  • 2 ჩ/კ მარილი
  • 0,5 ჩ/კ შავი წიწაკა
  • 1 ჩ/კ შებოლილი პაპრიკა
  • 2 ჩ/კ დაფქული ქინძი
  • 1 ჩ/კ დაფქული ნიორი
  • 5 ს/კ მზესუმზირის ზეთი
  • სალა

სოუსის ინგრედიენტები:

  • 100 გ მწვანე ხახვი
  • 2 კბილი ნიორი
  • 200 გ იოგურტი
  • 0,5 ჩ/კ შავი წიწაკა
  • 0,5 ჩ/კ მარილი
  • ლიმონის წვენი ან ცედრა

მომზადების წესი:

1. კარტოფილი კარგად გარეცხეთ, რომ ქერქი მაქსიმალურად სუფთა იყოს. კარტოფილი 1 სმ სისქის მრგვალ ნაჭრებად დაჭერით.

2. კარტოფილი სანელებლებსა და ზეთში დაამარინადეთ, კარგად აურიეთ. ზუსტად 20 წუთით შეგიძლიათ გააჩეროთ, რომ დამარინადდეს.

3. ამ დროში სალა 5 მმ სისქის თხელ ნაჭრებად დაჭერით.

4. კერძი ააწყვეთ. მოსამზადებლად ხის ჩხირი დაგჭირდებათ. ხის ჩხირებზე კარტოფილის და სალის ნაჭრები მორიგეობით წამოაცვით. 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40 წუთით აცხვეთ.

5. სანამ კარტოფილი ცხვება, სოუსი მოამზადეთ. ხახვი წვრილად დაჭერით, ნიორი დაჭყლიტეთ. ინგრედიენტები აურიეთ. ხრაშუნა და არომატული კარტოფილი იოგურტის სოუსთან ერთად იდეალურია. ცხელი კერძი სოუსთან ერთად სუფრაზე შეგიძლიათ გაიტანოთ. რა თქმა უნდა, ცხელი ბევრად გემრიელია.

კარტოფილის კერძის გაფუჭება თითქმის შეუძლებელია. განსაკუთრებით, თუ ეს კარტოფილია სალით. ნოყიერი და ძალიან გემრიელი კერძია, რომელიც ყველას გაახარებს. მსუბუქ სალათთან ერთად შესანიშნავი იქნება. დიდხანს მომზადება არ სჭირდება.

კარტოფილმა რთულ პერიოდში არაერთი თაობა გადაარჩინა. ახლა საუკეთესო და მოთხოვნად ბოსტნეულებს არ ჩამოუვარდება. თუ სწორად მომზადებას ისწავლით, სხვადასხვა რეცეპტებით მარჯვე მეფოკუსესავით ჯონგლიორობას შეძლებთ. იმედი გვაქვს, ეს რეცეპტი თქვენს კულინარიულ წიგნში მოხვდება და არაერთხელ გაგახარებთ.