ძირითადი შეცდომები, რატომ სკდება მწნილის ქილა და იმღვრევა მარილწყალი

94

ბევრი დიასახლისი ზაფხულში კონსერვების და მწნილების მომარაგებას იწყებს, რომ ზამთარში გემრიელი, ნატურალური პროდუქტები მიირთვას და ოჯახის ბიუჯეტი დაზოგოს. ხშირია სიტუაციები, როცა მწნილის ქილა სკდება და მარილწყალი იმღვრევა. Gastronomia.ge–ს რედაქცია გიზიარებთ ძირითად შეცდომებს კიტრის მწნილის მომზადებისას, რომლებიც არ უნდა დაუშვათ.

შეცდომა 1: ქილის და თავსახურის არასწორად მომზადება

სტერილიზაცია მნიშვნელოვანია და ყველა დიასახლისი ქილებისა და თავსახურების დასამუშავებლად საკუთარ მეთოდს იყენებს. მაგალითად, სტერილიზაციის დროს თითოეულ ქილას შეგიძლიათ თავსახური დააფაროთ. ასე ცხელი ორთქლი ბაქტერიებს მოკლავს. თავსახურები მოხუფვამდე 10 წუთით ადრე ცალკე შეგიძლიათ გაასტერილოთ.

თუ სტერილიზაციის პროცესში შეცდომები დაუშვით, ქილები გასკდება. ქილასა და თავსახურზე არსებული მიკრობები გამრავლდება, კიტრი დუღილს დაიწყებს, გაზს გამოყოფს, თავსახური გაიბერება და აფეთქდება.

შეცდომა 2: არასწორი რეცეპტი

თუ მწნილს ან კონსერვს ამზადებთ, ინგრედიენტების „თვალით“ დამატება დაუშვებელია. ზუსტი პროპორციები უნდა დაიცვათ. ეს წესი მარილს და შაქარს განსაკუთრებით ეხება. ნაკლები მარილის და შაქრის შემთხვევაში მალე გაფუჭდება.

ძმრის დამატება არ დაგავიწყდეთ, რომ ქილაში მიკროორგანიზმების განვითარება არ დაუშვათ. ზოგიერთი დიასახლისი მწნილს კონსერვანტად ასპირინსაც უმატებს.

შეცდომა 3: მომზადების ტექნოლოგიის დარღვევა

მომზადების ტექნოლოგიის დარღვევამ ქილების აფეთქება შეიძლება გამოიწვიოს. აქ შედის:

  • ცუდად გარეცხილი ინგრედიენტები (ბოსტნეული, პირშუშხას ფოთლები, კამა, მოცხარის ფოთლები და სხვა)
  • კიტრის ჯიშის გამოყენება, რომელიც მხოლოდ ახალი სახით შეგიძლიათ მიირთვათ.
  • დაზიანებული ან გაფუჭებული ბოსტნეულის გამოყენება.

შეცდომა 4: ქილაში ჰაერის მოხვედრა

ქილა მარილწყლით ბოლომდე უნდა გაავსოთ, რომ ჰაერი არ დარჩეს და ბაქტერიების გასამრავლებლად ხელსაყრელი გარემო არ შეიქმნას. მწიფე კიტრის დამწნილებაც შეიძლება, ოღონდ წინასწარ ცივ წყალში ერთი დღე გააჩერეთ, რომ ზედმეტი ჰაერი გამოვიდეს. ამის შემდეგ შეგიძლიათ დასამწნილებლად გამოიყენოთ.

შეცდომა 5: არასწორად შენახვა

მზა მწნილის მაშინვე სარდაფში ან საკუჭნაოში გატანა არ შეიძლება. ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება დაუშვებელია, რადგან ასე შენახვის ვადა მცირდება. ცხელი ქილები გადააბრუნეთ, თბილად შეფუთეთ და ოთახში დატოვეთ, სანამ ბოლომდე არ გაგრილდება. ამის შემდეგ შეგიძლიათ საკუჭნაოში შეინახოთ.

ამ შეცდომებს თავი აარიდეთ და კიტრის მწნილი სწორად მოამზადეთ, რომ ზამთარში გემრიელი შედეგით დატკბეთ.