ძალიან გემრიელი ქადა საკუთარი ხელით. გთავაზობთ მარტივ რეცეპტს

21889

რას სჯობს სახლში მომზადებულ ქადას? განსაკუთრებით გემრიელი ის ფინჯან ყავასთან, ჩაისთან და თბილ რძესთან ერთად არის. ხრაშუნა ქერქი, ზომიერად ტკბილი და ძალიან გემრიელი შიგთავსი ამ დესერტს აუცილებლად შეგაყვარებთ.

ახლა კი გეპატიჟებით ჩემს სამზარეულოში. ერთად ვნახოთ, როგორ მზადდება ძალიან გემრიელი ქადა. თუ სტატიაში წარმოდგენილი მარტივი ინსტრუქციის მიხედვით იმოქმედებთ, ყველაფერი არაჩვეულებრივად გამოგივათ.

ძალიან გემრიელი ქადა საკუთარი ხელით

ინგრედიენტები ცომისთვის: 

  • 6 ჩაის ჭიქა ფქვილი
  • 500 გრამი მაწონი
  • 2 შეკვრა კარაქი ან მარგარინი (დაახ. 500 გრამი)
  • 1 ჩ.კ. სოდა
  • ნახევარი ჩ.კ. მარილი
  • 2 შეკვრა ვანილი (გემოვნებით)

ინგრედიენტები გულსართისთვის: 

  • 2 ჩაის ჭიქა ფქვილი
  • 2 ჩაის ჭიქა შაქარი
  • 200 გრამი კარაქი
  • 2 შეკვრა ვანილი

მომზადება:

  1. პირველ რიგში, მაწონს დაუმატეთ სოდა, რათა ის გააქტიურდეს. დააყოვნეთ სულ რამდენიმე წუთით.
  2. დიდი ზომის თასში მოათავსეთ ფქვილი, მოაყარეთ მოცემული რაოდენობით მარილი და ვანილი, კარგად აურიეთ.
  3. ფქვილს მოახეხეთ ზემოდან კარაქი ან უბრალოდ ხელით კარგად აზილეთ.
  4. ფქვილისა და კარაქის ნარევში ჩაამატეთ სოდიანი მაწონი, კარგად აურიეთ. შეუდექით ცომის ამოყვანას ხელებით. მზა ცომი უნდა იყოს საკმაოდ მკვრივი კონსისტენციის.
  5. გადააფარათ ცომიან ჭურჭელს სტრეჩი (საკვების პლიონკა) და დაასვენეთ მაცივარში დაახ. 30 წუთით.
  6. სანამ ცომი ყოვნდება, მოვამზადოთ გულსართი. მოცემული რაოდენობით ფქვილს უნდა დავუმატოთ შაქარი, ცივი კარაქი, ვანილი და კარგად გადავურიოთ. თქვენ უნდა მიიღოთ ფხვიერი მასა, რომელიც უნდა გაიყოს 3 თანაბარ ნაწილად.
  7. დასვენებული ცომი ასევე გაყავით 3 ნაწილად. ცომის ერთ ნაწილს მიეცით ოთხკუთხედის ფორმა და შემდეგ კარგად გააბრტყელეთ თქვენთვის სასურველ ზომამდე, შემდეგ ჩამოაჭერით უსწორმასწორო გვერდები.
  8. ცომის ფენას მოაყარეთ გულსართი ისე, რომ გვერდები დარჩეს თავისუფალი. გულსართი აუცილებლად გადაანაწილეთ თანაბრად.
  9. ახლა დროა, შეუდგეთ მის გადაკეცვას. კარგად დაახვიეთ ის რულეტის მსგავსად.
  10. რუმბის ფორმით დაჭერით ქადა სასურველი ზომის ნაჭრებად. დაჭრილი ქადები გადაიტანეთ საცხობ ფორმაში, რომელშიც ჩაფენილი გექნებათ პერგამენტის ქაღალდი. მათ შორის დატოვეთ გარკვეული სივრცე.
  11. გამოსაცხობად გამზადებულ ქადებს წაუსვით ზემოდან კვერცხის გული სპეციალური ფუნჯის გამოყენებით. მოათავსეთ ისინი 200 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში დაახლოებით 30 წუთით.
  12. გემრიელად მიირთვით!