ცხობის და ჟელატინის გარეშე. მსუბუქი მარწყვის დესერტი 10 წუთში

331

Gastronomia.ge–ს რედაქცია გთავაზობთ მსუბუქი დესერტის ძალიან საინტერესო რეცეპტს. მარწყვის დესერტის მომზადება აუცილებლად სცადეთ და ოჯახის წევრები საუკეთესო საზაფხული ტკბილეულით გაახარეთ. მათგან კომპლიმენტებს დაიმსახურებთ. დესერტი ხელმისაწვდომი პროდუქტებისგან მზადდება. გაქვთ ცოტა მარწყვი და შაქარი? წყალი და სახამებელი დაუმატეთ და 10 წუთში მზა ტკბილეულის მაცივარში შენახვას შეძლებთ.

როგორ მოვამზადოთ საოცარი მარწყვის დესერტი სწრაფად

ტკბილი კერძის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ გაყინული ან ახალი მარწყვი. კენკრის სეზონი უკვე დაიწყო, ამიტომ მეორე ვარიანტის გამოყენებას გირჩევთ. ახალი კენკრიდან უჩვეულოდ არომატული დესერტი გამოდის. ერთ ნაჭერზე გაჩერება გაგიჭირდებათ.

ინგრედიენტები:

  • 250 გ მარწყვი
  • 200 მლ წყალი
  • 30 გ ქოქოსის ფანტელები
  • 60 გ შაქარი
  • 50 გ სიმინდის სახამებელი

მომზადების წესი:

1. კენკრა მოამზადეთ. მარწყვი გარეცხეთ. გაამშრალეთ და ყუნწები მოაშორეთ. მარწყვი სქელძირიან ქვაბში გადაიტანეთ და შაქარი დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ხელის ბლენდერით დააბლენდერეთ.

2. მარწყვის პიურეს წყალი დაასხით. სახამებელი დაუმატეთ. სათქვეფით აურიეთ. ქურაზე დადეთ. მარწყვის ნარევი საშუალო ცეცხლზე ხარშეთ, მუდმივად ურიეთ. ადუღების შემდეგ 1 წუთი მოიცადეთ და ქურიდან გადმოდეთ.

3. ცხელი კენკრის ნარევი გადაიტანეთ თასში, რომლის ფორმაც დესერტს გსურთ მისცეთ, და ოთახის ტემპერატურაზე სრულად გაცივებამდე გააჩერეთ. შემდეგ თეფში ან პარკი დააფარეთ და 2–3 საათი მაცივარში შეინახეთ.

4. გვერდებზე დანა მოატარეთ და დესერტი ამოიღეთ. პორციებად დაჭერით, ნახევარს ქოქოსის ფანტელები მოაყარეთ. მზადაა!

ცოტა ქოქოსი დესერტს უფრო ლამაზს და გემრიელს გახდის. სიტყვაზე, ამ ინგრედიენტით ტექსტურის კონტრასტის მიღწევას შეძლებთ. ქოქოსის ფანტელის და ნაზი მარწყვის ბაზის კომბინაცია უბრალოდ დიდებულია!