ცხვრის ხორცის ჩიხირთმა – უგემრიელესი ქართული წვნიანი

1509

ჩიხირთმა  ნამდვილად ქართული კერძია. უნდა ითქვას, რომ ჩიხირთმის მომზადება არ არის მარტივი, გამოცდილებასა და დიდ ყურადღებას მოითხოვს. გასტრონომია დღეს ცხვრის ხორცის ჩიხირთმის რეცეპტს გთავაზობთ, რომელიც მართლაც გამოირჩევა თავისი დამახასიათებელი გემოთი.

ინგრედიენტები: 

  • ცხვრის ხორცი – 1 კილოგრამი
  • ხახვი – 1-2 თავი
  • მწვანილი – 1 პატარა კონა
  • პურის ფქვილი – 2 სუფრის კოვზი
  • კვერცხი –  3 ცალი
  • ძმარი – 2 სუფრის კოვზი
  • წყალი – 10 ჩაის ჭიქა
  • მარილი – გემოვნების მიხედვით

მომზადების წესი:

  1. ერთი კილოგრამი მსუქანი ცხვრის ხორცი მოვხარშოთ მთლიან ნაჭრებად 10 ჩაის ჭიქა წყალში. კარგად რომ მოიხარშება, ამოვიღოთ, მოვაყაროთ ცოტა მარილი და გავაცივოთ. ხორცი შეიძლება მივიტანოთ სუფრაზე მშრალად, ნიორწყლით ან მაშარაფით.
  2. ხორცის ნახარში გადმოვდგათ ცეცხლიდან. ცოტათი რომ გაცივდება, კოვზით მოვხადოთ ქონი, მოვხრაკოთ წვრილად დაჭრილი ხახვი. თუ სიმსუქნე  საკმარისი არაა, დავუმატოთ ცოტა ერბო ან კარაქი. მოვშუშოთ ფქვილი და დავასხათ ხორცის ნახარში, შევანელოთ მარილით და ვადუღოთ. სუფრაზე მიტანის წინ გადმოვდგათ ცეცხლიდან და ფრთხილად ჩავუშვათ შიგ ძმართან ერთად ათქვეფილი 3 კვერცხი.