ცივი და ცხელი წასახემსებლები 2023 წლის შესახვედრად: 6 იდეა

49

ძველად საახალწლო სუფრა წლიდან წლამდე ერთნაირად გამოიყურებოდა. 3 კლასიკური სალათი, სენდვიჩები ხიზილალით, დაბეგვილი ხორცი და ლაბა. ახლა ექსპერიმენტების შესაძლებლობა გვაქვს: საინტერესო წასახემსებელი მოამზადეთ, ხორცი უჩვეულოდ გამოაცხვეთ, გარნირებსა და დესერტებზე ჯადოსნობა ჩაატარეთ.

მომავალი დღესასწაულისთვის საახალწლო წასახემსებლების შესანიშნავი რეცეპტები ვიპოვე, რომლებიც ჩემს სუფრას დაამშვენებს. აქაა ხორცის, თევზის და ბოსტნეულის კერძები. Gastronomia.ge–ს რედაქცია გიზიარებთ იდეებს, როგორ მოამზადოთ საოცარი სადღესასწაულო წასახემსებლები ხელმისაწვდომი ინგრედიენტებით.

საახალწლო წასახემსებლები: 6 უჩვეულო რეცეპტი

1. ვირთევზის ღვიძლის ბურთები

ინგრედიენტები:

  • 100 გ ვირთევზის ღვიძლი
  • 2 კარტოფილი
  • 50 გ ხმელი ყველი
  • 2 ხახვი
  • 1 კონა ოხრახუში
  • 2 კვერცხი
  • 3 ს/კ სეზამის თესლი
  • 2 ს/კ სოიოს სოუსი

მომზადების წესი:

  1. კარტოფილი მომზადებამდე მოხარშეთ, გათალეთ და მსხვილად გახეხეთ.
  2. მოხარშული კვერცხი და ხმელი ყველიც მსხვილად გახეხეთ.
  3. ოხრახუში და ხახვი წვრილად დაჭერით.
  4. ვირთევზის ღვიძლი ჩანგლით დაჭყლიტეთ, კარტოფილი, კვერცხი, ხახვი, ოხრახუში და ყველი დაუმატეთ.
  5. სოიოს სოუსი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.
  6. ტაფა უზეთოთ გააცხელეთ და სეზამი მოხალეთ.
  7. თევზის ნარევიდან ბურთები გააკეთეთ, სეზამის თესლში ამოავლეთ და თეფშზე დააწყვეთ.

2. გახუხული პური თინუსით

ინგრედიენტები:

  • 100 გ დაკონსერვებული თინუსი
  • 2 კიტრის მწნილი
  • 1 ს/კ მაიონეზი
  • 2 კვერცხი
  • 20 გ მწვანე ხახვი
  • მარილი გემოვნებით
  • დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით
  • 6 ნაჭერი სქელი თეთრი პური

მომზადების წესი:

  1. მოხარშული კვერცხი, მწვანე ხახვი და კიტრის მწნილი დაჭერით.
  2. მომზადებული ინგრედიენტები აურიეთ, ჩანგლით დაჭყლეტილი თინუსი დაუმატეთ.
  3. მაიონეზი მოასხით, მარილი და წიწაკა გემოვნებით მოაყარეთ, აურიეთ.
  4. სქელი პური სამკუთხედებად დაჭერით და მშრალ ტაფაზე ოქროსფერ შეფერილობამდე გახუხეთ.
  5. გახუხულ პურს მზა შიგთავსი წაუსვით და თეფშზე დააწყვეთ.

3. სტაფილოს და ნიგვზის პაშტეტი

ინგრედიენტები:

  • 300 გ სტაფილო
  • 2 კბილი ნიორი
  • 70 გ მაიონეზი
  • 50 გ ნიგოზი
  • მარილი გემოვნებით
  • დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით
  • ოხრახუში გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. უმი სტაფილო გათალეთ და გახეხეთ. დაჭყლეტილი ნიორი და დაქუცმაცებული ნიგოზი დაუმატეთ.
  2. მაიონეზი, მარილი და წიწაკა დაუმატეთ. კარგად აურიეთ და 1 საათით მაცივარში შეინახეთ.
  3. საკაზმი თეფშზე გადაიტანეთ, სტაფილოს ფორმა მიეცით. ოხრახუშით გააფორმეთ. ფოჩების იმიტაცია გააკეთეთ.

4. კვერცხის რულეტი წითელი თევზით და მდნარი ყველით

ინგრედიენტები:

  • 5 კვერცხი
  • 150 გ მარილიანი წითელი თევზი
  • 100 გ მდნარი ყველი
  • 2 ს/კ ფქვილი
  • 100 გ მაიონეზი
  • 70 გ ზეთისხილი
  • 2 ს/კ სახამებელი
  • მარილი გემოვნებით
  • დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით
  • 2 ს/კ მზესუმზირის ზეთი
  • 10 გ კამა

მომზადების წესი:

  1. კვერცხი, მაიონეზი, სახამებელი და ფქვილი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
  2. 5 ს/კ კვერცხის მასა ცალკე გამოყავით, წვრილად დაჭრილი კამა დაუმატეთ.
  3. საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ და მზესუმზირის ზეთი წაუსვით. კვერცხის მასა თანაბრად გაანაწილეთ. კამიანი კვერცხის ნარევი „კუნძულებივით“ დაუმატეთ, მის გარშემო ზეთისხილის რგოლები დააწყვეთ. ომლეტი წინასწარ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში15 წუთით აცხვეთ.
  4. ომლეტი რულეტივით დაახვიეთ, პარკში გაახვიეთ და ნახევარი საათით გააჩერეთ.
  5. რულეტი გაშალეთ, მდნარი ყველი წაუსვით, წითელი თევზის ნაჭრები დააწყვეთ და ისევ დაახვიეთ. პარკი შემოახვიეთ და მაცივარში რამდენიმე საათით გააჩერეთ.

5. ქამა სოკო ძროხის ხორცით

ინგრედიენტები:

  • 12 მსხვილი ქამა სოკო
  • 200 გ ძროხის ხორცის ფარში
  • 60 მ ნაღები (33%)
  • 1 ხახვი
  • 25 გ საფანელი
  • 1 კბილი ნიორი
  • 100 გ კარაქი
  • მარილი გემოვნებით
  • დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით
  • დაფქული წითელი წიწაკა გემოვნებით
  • 5 გ მწვანილი
  • 50 მლ წყალი

მომზადების წესი:

  1. სოკო კარგად გარეცხეთ, ფეხები მოაჭერით. ქუდებს მარილი მოაყარეთ.
  2. კარაქის ნაწილი ტაფაზე გააცხელეთ და დაჭრილი ხახვი და ნიორი შეწვით.
  3. ფარში დაუმატეთ და 10 წუთით შეწვით, პერიოდულად აურიეთ.
  4. სოკოს ფეხები დაჭერით, ფარშს დაუმატეთ. კარაქი, მარილი, წიწაკა, წყალი და საფანელი დაუმატეთ. შიგთავსი კიდევ 5 წუთით თუშეთ.
  5. როცა ხორცის შიგთავსი გაგრილდება, ნაღები დაუმატეთ და აურიეთ.
  6. თითოეული სოკოს ქუდი გამდნარ კარაქში ამოავლეთ და შიგთავსით გაავსეთ. პერგამენტ დაფარებულ საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ.
  7. წასახემსებელი 25 წუთით 200 გრადუსზე აცხვეთ. სუფრაზე გატანის წინ ფარშირებულ სოკოს დაჭრილი მწვანილი მოაყარეთ.

6. გამომცხვარი რულეტი ორაგულით

ინგრედიენტები:

  • 1 კგ ორაგულის ფილე
  • 2 ლავაშის ფურცელი
  • 200 გ ხმელი ყველი
  • 0,5 კონა კამა
  • 3 ს/კ ლიმონის წვენი
  • 0,5 კონა ოხრახუში
  • 6 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • 1 ჩ/კ თაფლი
  • მარილი გემოვნებით
  • დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით
  • 1 ს/კ მარცვლოვანი მდოგვი
  • იტალიური სუნელები გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ორაგულს კანი და ძვლები მოაშორეთ. ფილე 1 სმ სიგანის ზოლებად დაჭერით.
  2. თევზს მარილი, წიწაკა, 3 ს/კ ზეითუნის ზეთი და 2 ს/კ ლიმონის წვენი დაუმატეთ. ინგრედიენტები კარგად აურიეთ და მაცივარში შეინახეთ.
  3. საკაზმის მოსამზადებლად მდოგვი, თაფლი, 1 ს/კ ზეითუნის ზეთი და 1 ს/კ ლიმონის წვენი აურიეთ.
  4. ლავაშის ერთ ფურცელს 2 ს/კ ზეითუნის ზეთი წაუსვით და იტალიური სუნელები მოაყარეთ. ლავაშის მეორე ფურცელი დააფარეთ.
  5. ზემოდან თევზის ნაჭრები დააწყვეთ, გახეხილი ყველი და დაჭრილი მწვანილი მოაყარეთ.
  6. ლავაში რულეტივით დაახვიეთ. ნაჭრებად დაჭერით და პერგამენტდაფარებულ და ცხიმწასმულ საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ.
  7. რულეტის ნაჭრებს საკაზმი მოასხით. 190 გრადუსზე 20 წუთით აცხვეთ.

თუ საახალწლო მენიუს გამრავალფეროვნება გსურთ, 2023 წლის წასახემსებლები აუცილებლად მოამზადეთ. აირჩიეთ ის, რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონათ. თუ საჭიროა, შემადგენლობა ოდნავ შეცვალეთ, საყვარელი ინგრედიენტები დაუმატეთ.