შინაურული ხაჭოკვერა შოკოლადის ჭიქურში 

589

ბევრისთვის მოჭიქული ხაჭოკვერა უზრუნველ ბავშვობასთან ასოცირდება. შოკოლადის ფენაში დამალული ნაზი ხაჭოს გემო პირველივე ჩაკბეჩიდან თავს გაყვარებდა. სამწუხაროდ, ახლა ვერ იპოვით ისეთ ხაჭოკვერას, რომელსაც კარგი შემადგენლობა აქვს. რა თქმა უნდა, ქიმიით გავსება არავის სურს, მაგრამ ზოგჯერ დესერტის მირთმევა ძალიან გვინდა. რა გავაკეთოთ ამ შემთხვევაში?

გამოსავალი საკმაოდ მარტივია. მოჭიქული ხაჭოკვერა თავად გააკეთეთ. ასე პროდუქტის ხარისხში დარწმუნებული იქნებით. თან გემოთი მაღაზიაში ნაყიდს არ ჩამოუვარდება. გარანტიას გაძლევთ, რომ ასეთი ექსპერიმენტის შემდეგ ნაყიდ ხაჭოს ტკბილეულზე უარს იტყვით. მოჭიქული ხაჭოკვერას მომზადება ხომ რთული არაა.

შინაურული ხაჭოკვერა შოკოლადის ჭიქურში: სახეობები

ამ რეცეპტით შეგიძლიათ მოამზადოთ როგორც ჩვეულებრივი ხაჭოკვერა ვანილის არომატით, ასევე შოკოლადის. ამისთვის, ხაჭოს მასა ორ ნაწილად გაყავით. ერთ ნაწილს გამდნარი შოკოლადი დაუმატეთ. ორივე ვარიანტი სცადეთ და თქვენი ფავორიტი გამოავლინეთ.

ინგრედიენტები:

  • 400 გ ხაჭო
  • 200 გ რძიანი შოკოლადი
  • 1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
  • 20 გ შაქრის ფხვნილი
  • 50 გ შავი შოკოლადი
  • 40 გ მზესუმზირის ზეთი
  • 50 გ ნიგოზი
  • 50 გ კარაქი

მომზადების წესი:

1. ღრმა თასში ხაჭო, გამდნარი კარაქი და შაქრის ფხვნილი აურიეთ. არომატისთვის ვანილი დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მისაღებად დააბლენდერეთ.

2. ნახევარი მასა ცალკე თასში გადაიტანეთ და გამდნარი შავი შოკოლადი დაუმატეთ. კარგად აურიეთ. მზა ხაჭოს მასა საკონდიტრო ტომარაში გადაიტანეთ.

3. სილიკონის ფორმები გაავსეთ. ნარევი სპატულით გაასწორეთ. სავსე ფორმები საყინულეში სრულ გამაგრებამდე, 2–3 საათით შეინახეთ.

4. ჭიქური მოამზადეთ. ღრმა ტაფაში რძიანი შოკოლადი და უსუნო მზესუმზირის ზეთი მოათავსეთ. შოკოლადის გადნობამდე გააცხელეთ. ნიგოზი მსუბუქად მოხალეთ, დაფშვენით და შოკოლადს დაუმატეთ, კარგად აურიეთ.

5. ჭიქური მაღალ ჭიქაში ჩაასხით. გამაგრებული ხაჭოკვერა დანაზე წამოაცვით და მორიგეობით ჭიქურში ამოავლეთ. ზედმეტ შოკოლადს დაწურვა აცადეთ, შემდეგ დანიდან მოხსენით. ჭიქურის გამაგრებამდე მაცივარში 15-20 წუთით შეინახეთ.

მზა ხაჭოს დესერტი სუფრიდან რამდენიმე წუთში ქრება. ფინჯან ჩაიზე რამდენიმე ხაჭოკვერა შეიძლება მიირთვათ. გაჩერება ძალიან რთულია! ნაზი ტკბილეული ისევ და ისევ გვინდა.