შინაურული ძეხვის და ლორის 10 საუკეთესო რეცეპტი ყველა გემოვნებისთვის

208

კითხვაზე, რომელი ძეხვია საუკეთესო, ადამიანების უმეტესობა პასუხობს: „სახლის“. და მართალიც იქნება. ზუსტად ასეა ლორის შემთხვევაშიც. საკუთარი ხელით, თქვენი გემოვნებით, ახალი და ნატურალური ინგრედიენტებით მომზადებული ხორცის ნაწარმი უკონკურენტოა.

დღეს Gastronomia.ge-ს რედაქცია ძეხვის და ლორის მომზადების 10 რეცეპტს გთავაზობთ. ჩვეულებრივი ძეხვის გარდა სისხლიანი ძეხვის და ლივერული ძეხვის მომზადებას გთავაზობთ. სუფთა ნაწლავები შეიძინეთ და სახლში სწორად მომზადება არ დაგავიწყდეთ. როგორ უნდა გააკეთოთ, პირველ რეცეპტში ნახავთ. რამდენიმე რეცეპტში შეგხვდებათ ინგრედიენტი, სახელწოდებით საკვები ნიტრატი (იგივე ნატრიუმის ნიტრატი E250), რომელიც ნიტრიტის მარილით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ.

1. შინაურული ძეხვი

ინგრედიენტები:

  • 1 კგ ღორის ხორცი
  • 200 გრ ხბოს ხორცი
  • 400 გრ ღორის ქონი
  • 8 კბილი ნიორი
  • 0,5 ჩ/კ დაფქული შავი წიწაკა
  • 2-3 ჩ/კ მარილი
  • 2-3 ს/კ წყალი
  • 2-4 ნაწლავი

მომზადების წესი:

  1. გასუფთავებული ნაწლავები მოამზადეთ. გამდინარე წყალში კარგად გარეცხეთ. შემდეგ ცივ წყალს მარილი და ძმარი დაუმატეთ და ნაწლავები 3-4 საათით გააჩერეთ. კვლავ გამდინარე წყალში გარეცხეთ.
  2. ხორცი და ღორის ქონი პატარა კუბებად დაჭერით, მარილი და წიწაკა მოაყარეთ, გახეხილი ნიორი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. ცოტა ცხელი წყალი დაუმატეთ.
  3. ხორცსაკეპი მანქანის სპეციალური საცმით ნაწლავები მზა ფარშით გაავსეთ. სასურველია, მჭიდროდ გაავსოთ. სავსე ძეხვი შეკარით და მაცივარში ცივ ადგილას 4-5 საათით შეინახეთ.
  4. ამის შემდეგ ტაფაზე მოათავსეთ. რამდენიმე ადგილას ნემსით დაჩხვლიტეთ, რომ ჰაერი გამოვიდეს. ძეხვი ტაფაზე შეწვით ან ღუმელში ზუსტად 1 საათით აცხვეთ.

2. გლეხური დაჭრილი ძეხვი

ინგრედიენტები:

  • 2,5 კგ ცხიმიანი ღორის ხორცი
  • 0,25 ჩ/კ დაფქული შავი წიწაკა
  • 0,25 ჩ/კ დაფქული ბაჰარის წიწაკა
  • 3 კბილი ნიორი
  • 0,25 ჩ/კ საკვები ნიტრატი
  • 0,5 ჩ/კ შაქარი
  • 0,3 ჭიქა მარილი
  • 2-3 ნაწლავი

მომზადების წესი:

  1. ღორის ხორცს ფირები და ძარღვები მოაშორეთ და 1,5-2 სმ სისქის ნაჭრებად დაჭერით.
  2. ყველა მშრალი ინგრედიენტი აურიეთ და ხორცს მოაყარეთ. 24 საათით ცივ ადგილას გააჩერეთ.
  3. მზა ხორცით გასუფთავებული ნაწლავები გაავსეთ, შეკარით, რამდენიმე ადგილას ნემსით გახვრიტეთ. ცხელ ღუმელში მოათავსეთ. 180-200 გრადუსზე 35-40 წუთით აცხვეთ.

3. უკრაინული გამომცხვარი ძეხვი

ინგრედიენტები:

  • 1 კგ ნახევრად ცხიმიანი ღორის ხორცი
  • 18 გრ მარილი
  • 2 გრ შაქარი
  • 2,5 გრ დაფქული შავი წიწაკა
  • 10 გრ ნიორი
  • 2-3 ნაწლავი
  • ცხიმი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. აიღეთ ნახევრად ცხიმიანი ღორის ხორცი, ანუ მასში მინიმუმ 30% ცხიმი უნდა იყოს. ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ, მსხვილ ნახვრეტებიანი ბადე გამოიყენეთ.
  2. ფარშს მარილი, შაქარი, წიწაკა და დაპრესილი ნიორი დაუმატეთ, აურიეთ.
  3. ამ ფარშით წინასწარ მომზადებული ნაწლავები გაავსეთ, ორივე მხრიდან შეკარით და სპირალურად დაგრიხეთ. ჯვარედინად კანაფით შეკარით.
  4. ცხიმ წასმულ ფორმაზე გადაიტანეთ, რამდენიმე ადგილას ნემსით გახვრიტეთ და ღუმელში მოათავსეთ. 180 გრადუსზე აცხვეთ. 20-30 წუთის შემდეგ გამოიღეთ, გადააბრუნეთ და კიდევ 30-35 წუთით აცხვეთ.
  5. ძეხვი ფორმაზე 6-8 საათით გასაგრილებლად გააჩერეთ. ასეთი ძეხვი პერგამენტის ქაღალდში შეგიძლიათ გაახვიოთ და საყინულეში 1,5 თვე შეინახოთ.

4. მოხარშულ–შებოლილი ძეხვი

ინგრედიენტები:

  • 1 კგ ძროხის ხორცი
  • 800 გრ ღორის ხორცი
  • 200 გრ შპიკი
  • 45 გრ მარილი
  • 1,5 გრ საკვები ნიტრატი
  • 1,5 გრ შაქარი
  • წყალი გემოვნებით
  • 2-4 ნაწლავი

მომზადების წესი:

  1. ძროხის ხორცი (იდეალურ შემთხვევაში ბეჭების და უკანა ფეხების ფილე) ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ, 25 გრ მარილი, 1 გრ ნიტრატი და ცხელი წყალი (ხორცის მოცულობის ნახევარზე ცოტა ნაკლები) დაუმატეთ და კარგად აურიეთ. მასა მინანქრის ჭურჭელში მოათავსეთ და სიცივეში გაიტანეთ, სანამ ძროხის ხორცი ღია ალუბლისფერი არ გახდება.
  2. ღორის ხორცი და შპიკი 50-100 გრ ნაჭრებად დაჭერით და 20 გრ მარილი, 0,5 გრ საკვები ნიტრატი და შაქარი აურიეთ. გრილ ადგილას 1 დღე გააჩერეთ.
  3. ერთი დღის შემდეგ მზა ძროხის ფარში კვლავ ხორცსაკეპ მანქანაში წვრილ ნახვრეტებიან ბადეში გაატარეთ, ხოლო ღორის ხორცი და შპიკი ბასრი დანით კუბებად დაჭერით. ამის შემდეგ ფარშს აურიეთ.
  4. მზა ნაწლავები ხორცსაკეპი მანქანის სპეციალური კონუსით ფარშით გაავსეთ. ბოლოები კანაფის ძაფით შეკარით, გარსი რამდენიმე ადგილას ნემსით გახვრიტეთ.
  5. ძეხვი ზუსტად 1,5 საათით ცხელი მეთოდით შებოლეთ (მოწითალო–ყავისფერი და უხეში უნდა გახდეს). შემდეგ ქვაბში გადაიტანეთ და საშუალო ცეცხლზე დაახლოებით 1 საათით ხარშეთ. მომზადების შემდეგ ცივი წყალი დაასხით და 10-15 წუთით გააჩერეთ.

5. ლორი

ინგრედიენტები:

  • 2,5 კგ ღორის ხორცი
  • 550 გრ მარილი
  • 55 გრ შაქარი
  • 30 გრ საკვები ნიტრატი ან ნიტრიტის მარილი
  • 5 ლ წყალი
  • 5-7 კბილი ნიორი
  • ბაჰარის წიწაკის მარცვლები გემოვნებით
  • შავი წიწაკის მარცვლები გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. მარინადისთვის ნარევი მოამზადეთ. 150 გრ მარილი, 5 გრ შაქარი და 5 გრ ნიტრიტის მარილი ან საკვები ნიტრატი აურიეთ. ნარევი ხორცს წაუსვით და ცივ ადგილას გააჩერეთ.
  2. რამდენიმე დღეში მარილწყალი გააკეთეთ. წყალში დარჩენილი მარილი, შაქარი და საკვები ნიტრატი გახსენით. აადუღეთ და გააგრილეთ.
  3. მარილიანი ღორის ხორცი მინანქრის ქვაბში გადაიტანეთ, მიღებული მარილწყალი დაასხით. ხორცი მინიმუმ 4 დღე ასე გააჩერეთ.
  4. ამის შემდეგ ხორცი კარგად გარეცხეთ ბაჰარის და შავი წიწაკების მარცვლები მოაყარეთ, ნიორი დაუმატეთ. ტაფაზე გადაიტანეთ, ფოლგა ან ფქვილის და წყლის ცომი (1,5 სმ სისქის კვერი) დააფარეთ. 180-200 გრადუსზე 2,5 საათით აცხვეთ. მზაობა ხის კბილის ჩხირით შეამოწმეთ.

6. სისხლიანი ძეხვი ქერით

ინგრედიენტები:

  • 2 ლ წყალი
  • 1 კგ ქერის მარცვლეული
  • 1 ს/კ მარილი
  • 1-2 ხახვი
  • 200 გრ შპიკი
  • 0,5 ჩ/კ დაფქული შავი წიწაკა
  • 0,5 ჩ/კ დაფქული ბაჰარის წიწაკა
  • 0,5 ჩ/კ მაიორანი
  • 600-700 მლ სისხლი
  • 3-6 ნაწლავი
  • ცხიმი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. მარცვლეული კარგად გარეცხეთ და მარილიან წყალში კუბებად დაჭრილ შპიკთან ერთად მოხარშეთ.
  2. ხახვი წვრილად დაჭერით და ცხიმში ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით.
  3. მზა ფაფა გააგრილეთ, სანელებლები, შემწვარი ხახვი და გადაწურული სისხლი დაუმატეთ. ყველაფერს კარგად აურიეთ და ნაწლავები გაავსეთ. ბოლოები შეკარით.
  4. ძეხვი მარილწყალში სანელებლებთან ერთად სუსტ ცეცხლზე მომზადებამდე ხარშეთ. სუფრაზე გატანის წინ ღორის ქონში შეწვით.

7. ლივერული ძეხვი

ინგრედიენტები:

  • 500 გრ ღორის ფილტვები
  • 500 გრ ღორის გული
  • 6 კვერცხი
  • 1 ჭიქა არაჟანი
  • 2 ხახვი
  • 2 ს/კ გამდნარი ქონი
  • 5 მარცვალი ბაჰარის წიწაკა
  • 5 მარცვალი შავი წიწაკა
  • მარილი გემოვნებით
  • 2-3 ნაწლავი

მომზადების წესი:

  1. ფილტვები და გული 2-3 საათით ცივ წყალში გააჩერეთ, პერიოდულად წყალი გამოუცვალეთ. შემდეგ გარეცხეთ და კვლავ ცივი წყალი დაასხით, 2-2,5 საათით ხარშეთ. მარილი მოაყარეთ და კიდევ 30 წუთით ხარშეთ.
  2. მზა ფილტვები და გული ხორცსაკეპ მანქანაში ორჯერ გაატარეთ. უმი კვერცხის გული, არაჟანი, დაჭრილი და შემწვარი ხახვი, მარილი და წიწაკა დაუმატეთ და კარგად აურიეთ.
  3. ნარევით წინასწარ მომზადებული ნაწლავები გაავსეთ. შეკარით და ცხელ წყალში მოათავსეთ. სუსტ ცეცხლზე 30-40 წუთით ხარშეთ. თავსახური არ დაახუროთ.
  4. ლივერული ძეხვი გააგრილეთ, რამდენიმე ადგილას კბილის ჩხირით გახვრიტეთ. სუფრაზე გატანის წინ გამდნარ ქონში შეწვით.

8. თაფლიანი ლორი

ინგრედიენტები:

  • 1,5 კგ ღორის ხორცი
  • 30 მლ მშრალი თეთრი ღვინო
  • 4 ს/კ თაფლი
  • მიხაკი გემოვნებით
  • შავი წიწაკა გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ხორცი მიხაკით გატენეთ, თაფლი წაუსვით, მარილი და წიწაკა მოაყარეთ. 30-40 წუთით ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ.
  2. 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში აცხვეთ, სანამ ხორცი ოქროსფერი არ გახდება. შემდეგ ტემპერატურას 170 გრადუსამდე დაუწიეთ და კიდევ 80 წუთით აცხვეთ.

9. ღორის ხორცი ნიახურით

ინგრედიენტები:

  • 1,2 კგ ღორის ფილე
  • 2 ღერო ნიახური
  • 300 გრ პრასი
  • 3 კბილი ნიორი
  • მარილი გემოვნებით
  • შავი წიწაკა გემოვნებით
  • მაიორანი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ხორცი დაბეგვეთ. ნიორი დაპრესეთ და მარილი და წიწაკა აურიეთ. ნარევი ხორცს წაუსვით.
  2. ნიახურის ღეროებს გარე ფირი მოაშორეთ და რამდენიმე ნაწილად დაჭერით. დაბეგვილ ღორის ფილეს დაუმატეთ.
  3. ხორცი რულეტივით დაახვიეთ და ძაფით შეკარით. მარილი, სანელებლები წაუსვით და მაცივარში 2-3 საათით გააჩერეთ.
  4. შემდეგ საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ და 190 გრადუსზე 1 საათით აცხვეთ. მომზადებამდე 20 წუთით რულეტსა და მის გარშემო ირიბად დაჭრილი ხახვი დაუმატეთ.

10. ბუჟენინა შინაურულად

ინგრედიენტები:

  • 1,2 კგ ღორის ხორცი
  • 5-8 კბილი ნიორი
  • 2 დაფნის ფოთოლი
  • მარილი გემოვნებით
  • დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ამ რეცეპტისთვის სჯობს ღორის ქონიანი ნაჭრები გამოიყენოთ (კისრის ნაწილი, გულმკერდი, ბარკალი). ხორცს მარილი, წიწაკა წაუსვით, ნივრით გაავსეთ. 30 წუთით ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ.
  2. მზა ღორის ხორცი საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ. ცოტა წყალი დასხით და დაფნის ფოთოლი დაუმატეთ. ზემოდან ფოლგა დააფარეთ. 200 გრადუსზე 1-1,5 საათით აცხვეთ.

აირჩიეთ ის რეცეპტი, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ და მოამზადეთ. თქვენი რეცეპტები გაგვიზიარეთ!