რა შეიძლება იყოს სახლში გამომცხვარ ფხვიერ ნამცხვარზე უკეთესი? Gastronomia.ge–ს რედაქცია გთავაზობთ დესერტის რეცეპტს, რომლითაც ძალიან გემრიელი და არომატული ფხვიერი ნამცხვარი გამოდის. საკმაოდ მარტივად მზადდება. სცადეთ, არ ინანებთ.
ინგრედიენტები:
- 3 ჭიქა ფქვილი
- 1 ს/კ გამაფხვიერებელი
- 1 მწიკვი მარილი
- 1 ჭიქა რძე
- ¼ ჭიქა თაფლი
- 170 გრ კარაქი
მომზადების წესი:
- რძე და თაფლი თასში აურიეთ. თაფლი სრულად უნდა გადნეს.
- მეორე თასში ფქვილი, გამაფხვიერებელი და მარილი აურიეთ.
- ცივი კარაქი კუბებად დაჭერით და ფქვილს დაუმატეთ. ხელით კარგად დასრისეთ, რომ ფხვიერ ნაფშვენი მიიღოთ. ამის შემდეგ რძის ნარევს დაუმატეთ და კარგად აურიეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ მშრალი ლაქები არ დარჩეს.
- ცომის მოზელამდე ზედაპირს ფქვილი მოაყარეთ. მზა ცომი 1 სმ სისქეზე გააბრტყელეთ, მართკუთხა ფორმა მიეცით. კონვერტივით დაკეცეთ და კვლავ 1 სმ–მდე გააბრტყელეთ.
- კვლავ კონვერტივით დაკეცეთ და ახლა უფრო სქლად, 2,5 სმ–მდე გააბრტყელეთ.
- ფხვიერი ნამცხვარი ჭიქით ან მრგვალი ფორმებით გამოჭერით. საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ. რბილი კუთხეები რომ მიიღოთ, ისე დააწყვეთ, რომ ნამცხვრები ერთმანეთს ცოტა ეხებოდეს. თუ ხრაშუნი გიყვართ, ფხვიერ ნამცხვრებს შორის მანძილი დატოვეთ.
- ზემოდან რძე წაუსვით და 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 10-15 წუთით აცხვეთ. ოქროსფერი ქერქი უნდა მიიღოთ. სუფრაზე ცოტა შეგრილებული გაიტანეთ.
- გემრიელად მიირთვით!