შემწვარი ღვეზელი კარტოფილის ნახარშზე: მარჯვე დიასახლისის რეცეპტი

153

როგორც არ უნდა ვიცავდე დიეტას და რამდენიც არ უნდა წავიკითხო შემწვარი ღვეზელის ზიანზე, კვირაში ერთხელ მაინც ვამზადებ. ამ სიამოვნებაზე უარს ვერ ვამბობ, თან ჩემს ოჯახს ძალიან უყვარს. ცომეული გემრიელი და არომატული, რბილი და ჰაეროვანი გამოდის. წვნიანს ან სალათს შეგიძლიათ მიაყოლოთ, წასახემსებლად სამსახურში ან სკოლაში წაიღოთ.

კარტოფილის ღვეზელს განსაკუთრებული მეთოდით ვამზადებ. წყლის, რძის ან კეფირის ნაცვლად ცომს კარტოფილის ნახარშს ვუმატებ, რომელშიც შიგთავსი მოიხარშა. ასე კერძი ძალიან არომატული, გაჯერებული კარტოფილის გემოთი გამოდის.

როგორ მოვამზადოთ შემწვარი ღვეზელი კარტოფილის ნახარშზე

უდავოდ, შემწვარი ღვეზელისთვის ნებისმიერი შიგთავსი შეგიძლიათ მოამზადოთ. კარტოფილს გემოვნებით მწვანილი ან ჩაშუშული კომბოსტო შეგიძლიათ დაუმატოთ. გარდა ამისა, კერძი ფარშით, კვერცხით და სოკოთი შეგიძლიათ მოამზადოთ.

ინგრედიენტები:

  • 1 ს/კ შაქარი
  • მზესუმზირის ზეთი გემოვნებით
  • 1 კვერცხი
  • 500 გ კარტოფილი
  • 1 ხახვი
  • მარილი გემოვნებით
  • 7 გ მშრალი საფუარი
  • 420 გ ხორბლის ფქვილი
  • დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი:

1. კარტოფილი დამარილებულ წყალში მოხარშეთ. 250 მლ თბილი კარტოფილის ნახარში თასში ჩაასხით, შაქარი, 0,5 ჩ/კ მარილი, 3 ს/კ ზეთი, კვერცხი, მშრალი საფუარი დაუმატეთ და აურიეთ.

2. ულუფებად ფქვილი დაუმატეთ და ცომი მოზილეთ. ფქვილი ცოტა მეტი ან ნაკლები შეიძლება დაგჭირდეთ. ბოლოს ხელებზე და ზედაპირს ზეთი წაუსვით. ცომს დააფარეთ და 1 საათით სითბოში გააჩერეთ.

3. სამუშაო ზედაპირს ზეთი წაუსვით, ცომი ჩაზილეთ. ძეხვის ფორმა მიეცით, შემდეგ ბურთებად დაყავით.

4. შიგთავსი რომ მოამზადოთ, კარტოფილი პიურეს მიღებამდე ჩაზილეთ, შემწვარი ხახვი, წიწაკა გემოვნებით დაუმატეთ და აურიეთ.

5. ცომის ბურთები კვერებად გააბრტყელეთ, შიგთავსი დაუმატეთ და ღვეზელები გააკეთეთ.

6. ზეთი ტაფაზე გააცხელეთ და ღვეზელები ორივე მხრიდან შეწითლებამდე შეწვით.

შემწვარი კარტოფილის ღვეზელი ოქროსფერი, ხრაშუნა და რბილი გამოდის. თუ სხვა შიგთავსს იყენებთ, კარტოფილის ნახარში ცომს მაინც დაუმატეთ. ასე ღვეზელი ნაზი და არომატული გამოვა.